პირველადი დასკვნით, ის 20 ოჯახი, რომელიც უკვე გაყვანილია, გასაყვანი იყო - მინისტრი ითხვისზე

პუბლიკა

„უფრო საფუძვლიანი კვლევებია ჩასატარებელი არამარტო გეოლოგების, არამედ უფრო ფართო სპექტრის, სხვადასხვა უწყებიდან, სპეციალისტების ჩართულობით. ეს საკითხი ჩვენ დასმული გვაქვს და შეიქმნება კომისია, რომელიც უფრო დეტალურად შეისწავლის და შემდგომ წარმოადგენს წინადადებებს, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ მიმართულებით“, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  პარლამენტში, „მინისტრის საათის” ფორმატში დასმულ შეკითხვას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისთან დაკავშირებით.

ორი კვირის წინ ჭიათურის სოფელ ითხვისში 20-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლის დატოვება დასჭირდა. სოფელში მიწის დიდი მასა დაიძრა, რამაც ათამდე სახლი ჩაიყოლა. ნაპრალები გაჩნდა სოფლის გზებსა და ნაკვეთებშიც.

მინისტრმა პარლამენტში პირველად დასკვნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:

„..რაც შეეხება მდგომარეობას მეწყერთან დაკავშირებით – პირველადი დასკვნა არის გაკეთებული, რომ ის 20 ოჯახი, რომელიც გაყვანილია უკვე, იყო გასაყვანი“, – ამბობს მინისტრი.

ოთარ შამუგიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ადგილზე ექსპერტები მუშაობენ, საჭიროების შემთხვევაში, ის თავადაც ჩავა – „თუ ამ ჩასვლით კონკრეტულად რამეს გავაკეთებთ“.

„ჩვენი ექსპერტები იყვნენ ჩასული. მეც სრულად ვარ საქმის კურსში. ამასთან დაკავშირებით ჩემი ჩასვლა ნამდვილად არ არის პრობლემა… თუ ამ ჩასვლით, რამეს ასე ვთქვათ, კონკრეტულად გავაკეთებთ. მთავარი იყო იქ ექსპერტების დასკვნა – შესაბამისი სამსახურები ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩართულია იმ პროცესში, რომელიც შეეხება მოსახლეობის დაკმაყოფილებას“, – განაცხადა მინისტრმა.


„პუბლიკა” დასკვნის მიღებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, მათ ჭიათურის მერიაში გადაგვამისამართეს. მერიაში დაგვპირდნენ, რომ მოიკითხავდნენ ინფორმაციას დასკვნის შესახებ. მას შემდეგ ისინი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობენ. დასკვნის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.