სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
ადგილზე იმყოფება სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, რომელიც ამბობს, რომ პირველადი შეფასება გეოლოგებთან და გეოდეზისტებთან ერთად გააკეთეს.
მისი თქმით, უკვე მოწყვეტილია მასა, რომელიც ჩამოსასვლელად გამზადებულია და საუბარია დაახლოებით ნახევარ მილიონ კუბზე. მისივე თქმით, აღნიშნული მოვლენები გარემოზე არასწორი ჩარევის და ზემოქმედების შედეგია.
„მარტო სეისმოლოგები არ ამოვსულვართ. აქ არის მორფოლოგი და უკვე თვითონ ადგილზე გეოლოგების და გეოდეზისტების ჯგუფია, რომლებიც აგეგმვით სამუშაოებს აწარმოებენ. რეალურად დინამიკაში მოსული სხეულის მოცულობები უნდა დავთვალოთ. პირველადი შეფასებები უნდა გავაკეთოთ.
ავედით, დავათვალიერეთ და გავზომეთ მოწყვეტილი მასა – რომელიც უკვე დინამიკაშია და ჩამოსასვლელად გამზადებულია, ამას აღარაფერი ეშველება. სიღრმე დაახლოებით 10-მეტრიანი იყო პირველადი გაზომვით და რეალურად ნახევარ მილიონ კუბზეა საუბარი, რომელიც მოძრაობაშია მოსული. ანუ მეწყრული სხეული, რომელიც დინამიკაშია მოსული და ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ჩამოვიდა, მაგრამ აუცილებლად ჩამოვა. ამის გაჩერება შეუძლებელია. ეს ტანია შესასწავლი და მთლიანად გარემო. უხეში ჩარევაა განხორციელებული და ეს არასწორი რეაგულაციების ბრალია“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
16 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.