პირველადი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო უბნების დახურვიდან 7-8 საათია - ცესკო

პუბლიკა

ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა 14 საათზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის არჩევნების პირველადი წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების სავარაუდო დროსთან დაკავშირებით და საზოგადოებას წინა წლების სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო.

მისი თქმით, გამოცდილება აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია. გთავაზობთ განცხადებას:

„შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის არჩევნები სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი.

ამასთან, 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და როგორც გასულ წლებში საპილოტე რეჟიმში გამართული, ისე იმიტირებული არჩევნების შედეგად მიღებული გამოცდილებაც აჩვენებს, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, როდესაც არჩევნებში 24 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, პირველადი, წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 6 საათსა და 30 წუთში გამოცხადდა, 2017 წელს კი არჩევნებში 27 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა და მონაცემების გამოქვეყნება 7 საათსა და 20 წუთში გახდა შესაძლებელი.

ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით”, – აცხადებს ცესკო.