პირველი არხი: „ფაქტი თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა“

პუბლიკა

„პირველი არხი“ ეხმაურება მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, „სიმღერის აკადემიის“ გუნდის წევრი ბავშვის წაქცევის ფაქტს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა „პირველი არხის“ თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც.“

9 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის გადაცემაში იმღერა „სიმღერის აკადემიის“ ბავშვთა გუნდმა. მოგვიანებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომელიც ასახავდა თუ როგორ გახდა პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი სიმღერის დროს შეუძლოდ და სავარაუდოდ გონება დაკარგა. როგორც გავრცელებული ვიდეო-კადრებიდან ჩანს, მომხდარზე მყისიერი რეაგირება არავის ჰქონია. გავრცელდა ბავაშვის ბებიის პოსტიც, სადაც ის წერდა, რომ ბავშვი სამი წუთის განმავლობაში უყურადღებოდ იწვა იატაკზე.

 „პირველ არხს ჰქონდა კომუნიკაცია როგორც არასრულწლოვნის მშობლებთან, ასევე „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან. ჩვენთვის არცერთი სატელევიზიო/რადიო ეთერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მაუწყებელი მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“,- ნათქვამია „პირველი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქამდე განცხადება გაავრცელა „სიმღერის აკადემიამ”. როგორც აკადემიაში განმარტეს, ხელმძღვანელმა პირებმა ვერ დაინახეს, როგორ წაიქცა ბავშვი. მათი თქმით, გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა “როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი”.