პირველი სეროპრევალენტობის კვლევა შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ივლისის ბოლოს დაიწყება – ზახაშვილი

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ცენტრის ფეისბუქლაივში სეროპრევალენტობის კვლევის შესახებ ისაუბრა.

ზახაშვილმა თავდაპირველად განმარტა, რას ნიშნავს სეროპრევალენტობის კვლევა და რაში გამოიყენება მისი შედეგები.

„სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები გამოიყენება მომენტალური ეპიდსიტუაციის შესაფასებლად. იმისთვის, რომ დადგინდეს, კვლევის მომენტში რამდენ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გადატანილი კოვიდინფექცია და აქვს დამცველობითი შესაძლებლობა ამ ინფექციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან შეფასებითი კვლევები“, – განმარტა ზახაშვილმა.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კვლევაში ჩასართავი რაიონები შერჩევა ბევრი მახასიათებლით შეირჩევა: მუნიციპალიტეტის სიდიდე და ეპიდსიტუაცია, მიგრაციის ხარისხი, ტურიზმის პოტენციალი, სასოფლო-სამეურნეო ფაქტორი და ა.შ.

„მუნიციპალიტეტების რიცხვი დღეისათვის განსაზღვრული გვაქვს. სულ ცოტა, 10 მუნიციპალიტეტია. ესენია არა დიდი ქალაქები, არამედ რაიონული ცენტრები, თავიანთი სოფლებით, სადაც ხდება სპეციალური შერჩევა და მონაწილე მუნიციპალიტეტები შეიტყობენ ამის შესახებ.

რაც შეეხება ვადებს, დაგეგმილია, რომ ივლისის ბოლოსთვის დაიწყება პირველი კვლევა მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში“, – განაცხადა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაამატა, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჩართულობით გვიან შემოდგომით/ზამთრის დასაწყისში საქართველოში გაკეთდება ფართომასშტაბიანი, მისი თქმით, ეროვნული კვლევა, რომელიც, დაახლოებით 6000-7000 ადამიანს მოიცავს.