ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვარლამ გოლეთიანის სარჩელი დისკრიმინაციის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, – ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ავრცელებს.
„20-30 დღის შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება წერილობით ჩაგვბარდება და იქ წავიკითხავთ, თუ რატომ გვეთქვა უარი, შემდეგ კი მოგვეცემა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
გასული წლის სექტემბერში, ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ქუთაისის ა. ვასაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გალობის ისტორიას ასწავლიდა, სამსახურიდან გაუშვეს – მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
„ვარლამ გოლეთიანის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ ამ გაერთიანების ხელმძღვანელობამ მიიღო. ბრძანებაში მიზეზად დასახელებულია ხელშეკრულების ვადის გასვლა, თუმცა არაფორმალურ საუბრებში არ დაუმალავთ, რომ გარკვეული ზეწოლის გამო იძულებული გახდნენ, ასე მოქცეულიყვნენ.
ცხადია, რომ ხელისუფლებამ მასზე ადმინისტრაციულად დაქვემდებარებული გაერთიანება გამოიყენა, რომელსაც ძალიან არასასიამოვნო „დავალების“ შესრულება მოუხდა, იმის იმედად, რომ ისევ ჩვენ გავითვალისწინებდით ადამიანური ურთიერთობის ფაქტორს და შევეგუებოდით ამ გათავისუფლებას, როგორც ლოგიკურ შედეგს და სასჯელს სოციალური აქტივობისთვის…
უკვე 2023 წელს გაიმართა რამდენიმე სასამართლო სხდომა. როგორც საქმის მასალებით გაირკვა, სასწავლო წლის დასაწყისში ა. ვასაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის 44 თანამშრომლიდან მხოლოდ ერთი – ვარლამ გოლეთიანი გათავისუფლდა, ცოტა მოგვიანებით, სასწავლო ბადიდან ამოიღეს საგანიც – ქართული გალობის ისტორია, რომელიც სხვა საგნით ჩანაცვლდა. ამდენად, არ შეცვლილა საგნების რაოდენობაც…
როგორც წესი, ხელშეკრულების ვადა ყველა სხვა შემთხვევაში ფორმალური ხასიათისაა და უვადო დასაქმებას გულისხმობს, მხოლოდ ვარლამ გოლეთიანის მიმართ გამოიყენეს ხელშეკრულების ვადის გასვლა გათავისუფლების საფუძვლად.
სულ რომ თავი დავანებოთ არაფორმალურ საუბრებს, სადაც აშკარად ითქვა, რომ გათავისუფლების მიზეზი არ არის ის, რაც ბრძანებაშია მითითებული, ეს არაფორმალური საუბრები მოწმემ დაადასტურა და მოპასუხემ არ უარყო. ეს საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვარლამ გოლეთიანის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მივიჩნიოთ სრულიად უკანონოდ და დისკრიმინაციულად”, – ნათქვამია განცხადებაში.