„პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფმა” (PMCG) დასაქმების მიმოხილვა წარმოადგინა. დოკუმენტი შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის ჩატარებული.
PMCG-ის თანახმად, 2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.0%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტრეკერის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით არის გაზრდილი.
2023 წლის ნოემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 17.7%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 23.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, PMCG-ის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში შრომის ბაზრის ეფექტიანობა მცირედით გაუარესდა: 2023 წლის III კვვარტალში, II კვარტალთან შედარებით, შრომის ბაზრის ეფექტიანობა უმნიშვნელოდ შემცირდა – მცირედით გაიზარდა უმუშევრობის დონე, ხოლო ვაკანსიების გამოცხადების დონე იგივე დარჩა.
შრომის ბაზრის ეფექტიანობა პენდემიამდელ დონეზე დაბალი რჩება. პოსტ-პანდემიურ პერიოდში შრომის ბაზრის ეფექტიანობა ჩამორჩება პანდემიამდელს, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორებიცაა: კადრების გადინება მომიჯნავე სექტორებში ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების გამო, სამუშაო ძალის მიგრაცია, სამუშაოს მაძიებლების სარეზერვო ხელფასის ზრდა.