დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგია, თუ დაინერგება 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის პნევმოკოკის ვაქცინით აცრა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება.
„2015 წლიდან ვცრით ბავშვებს, ანუ ეროვნულ კალენდარში შეტანილია პნევმოკოკით ვაქცინაცია, როგორც აუცილებელი ვაქინაცია და ამან შედეგი მოიტანა, ბავშვებში პნევმონიების შემცირებისა ქვეყანაში. იმიტომ, რომ პნევმონიით სიკვდილიანობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში. ამიტომაც ეს ვაქცინაცია დაინერგა ქვეყანაში და ამას შედეგები აქვს.
რაც შეეხება ხანდაზმულთა, ანუ 60 წელს გადაცილებულთა აცრას, ზოგიერთი ქვეყნის კალენდარში არის შეტანილი, მაგრამ ნებაყოფლობითია. ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია, რადგან ის მართლაც იცავს ხანდაზმულებს, მაგრამ პნევმოკოკური პნევმონიების განვითარებისგან. რაც შეეხება კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს კვლევები, ჯერჯერობით, არ არსებობს იმიტომ, რომ სულ 3 თვის ისტორია აქვს ამ ინფექციას.
მე რეკომენდაციას, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მივცემდი საზოგადოებას და მთავრობას, რომ ეს კარგია, თუ დაინერგა, მაგრამ, როცა პანდემია ჩათავდება, ანუ, თუ ჩვენ გვექნება იმის ფინანსური რესურსი და საშუალებები, რომ პნევმოკოკური ვაქცინაცია იყოს შემოტანილი ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც პანდემია დამთავრდება. იმიტომ, რომ იცით ჩვენი მთავარი რეკომენდაცია – დარჩით სახლში. ძალიან ძნელი იქნება მოხუცებისა და ხანდაზმულების აცრა. ამიტომ, თუ ამის საშუალება გვაქვს, ეს გადავწიოთ, მაგრამ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ ჩვენ თანდათან გრიპთან ერთად გავააქტიუროთ ხანდაზმულების პნევმოკოკით აცრა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არის ინიციატივა, რომ საქართველოში 60-წელს გადაცილებული მოქალაქეები პნევმონიაზე აიცრან.
„ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ჩვენს ყველა მოქალაქეს და არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ ეს შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და მოხდეს ყოველწლიურად შესაბამისი მონაკვეთების განახლების შემდეგ ამ ვაქცინის განახლება მოქალაქეებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-თან“.