გვაქვს ინიციატივა, რომ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები პნევმონიაზე ავცრათ - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არის ინიციატივა, რომ საქართველოში 60-წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმონიაზე აიცრან. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-თან“ ისაუბრა.

„ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია და ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები.

ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებებისა და სიკვდილიანობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, ძალიან მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში.

ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელს ზევით მოსახლეობასა და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამას უკავშირდება ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“, – თქვა მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის  არის კონკრეტული რაოდენობა ვაქცინის და სახელობითი სია, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია.

„ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ჩვენს ყველა მოქალაქეს და არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ ეს შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და მოხდეს ყოველწლიურად შესაბამისი მონაკვეთების განახლების შემდეგ ამ ვაქცინის განახლება მოქალაქეებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-თან“.