საქართველოს პროკურატურა მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის მიხედვით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.
„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – აცხადებს უწყება.