POG: პირი Facebook-ზე 14 ადამიანს ნივთების გამოწერას დაპირდა და 149 ათასი ლარი მიითვისა

პუბლიკა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული facebook-გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაპირდა.

თუმცა, ნივთები არ გამოიწერა და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს.

პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ თავადაც გამოსცადეს მსგავსი რამ, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.