პოლარიზაცია განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს - კუჭავა

პუბლიკა

„პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს. ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს.

„პოლიტიკურმა აქტორებმა, მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, საზოგადოების ყველა წევრმა პასუხისმგებლიანი როლი უნდა ითამაშონ დემოკრატიისთვის რეალური შინაარსის შეძენაში – მაშასადამე, ააშენონ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალი, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას. მესამე, ჩვენ ყველამ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიის დაცვასა და განმტკიცებაში, ასევე, აქტიური პოლიტიკური კონკურენციიდან დესტრუქციულ პოლარიზაციად გადაქცევის თავიდან არიდების საქმეში. მოსახლეობამ თითოეულ ჩვენგანს ანდო თავიანთი მომავალი, ოცნებები და იმედები; ეს უზარმაზარი ლეგიტიმაცია და პასუხისმგებლობაა, რაც არ უნდა დაიკარგოს.

მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე საზოგადოების მშენებლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა განაგრძოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროებში და გაუძღვეს ახალი, არსებითი რეფორმების გატარებას. ეს ასევე დადებითად წაადგება საქართველოს განზრახვას, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“,- განაცხადა კუჭავამ.