პოლიცია აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა და, სავარაუდოდ, დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და, სავარაუდოდ, დააკავეს. „პუბლიკას” ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ შეკრებილ რამდენიმე მოქალაქეს პოლიცია უსწორდება და შემდეგ ისინი ტერიტორიიდან გაჰყავს.

დილის 6 საათისთვის შსს-მ აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყო – მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის გვერდითა შესასვლელები მოქალაქეებს ბლოკირებული არ ჰქონდათ, 06:00 საათზე პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გადასულიყვნენ რუსთაველის გამზირისკენ.

„თქვენ გაქვთ 5 წუთი”, – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.

მანამდე ჩიტაძის ქუჩის მხარეს განათავსეს წყლის ჭავლის მანქანა, ხოლო შემდეგ შსს-ს წარმომადგენლები გადავიდნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საიდანაც აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს.