პოლიციამ რუსთავში ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ორი პირი – 2001 წელს დაბადებული ბ.ბ. და ამავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა პატრულირებისას, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 -მდე ახალგაზრდა შენიშნეს,რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ.

პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები აგრძელებენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს, “- ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ადგილობრივმა მედიაგამოცემამ „ინფო რუსთავმა“ დილით გაავრცელა ვიდეო, სადაც თვითმხილველები ამბობენ, რომ მე-4 სკოლის ტერიოტრიაზე 20-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.