„პოლიციამ წაიღო ტანსაცმელი და გაფუჭებული ტელეფონი“ - ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულის ბაბუა

პუბლიკა

შსს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 7-9 მარტს გამართული აქციების დროს პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.

„პუბლიკა“ დაკავებულის მეგობარს ესაუბრა. მისი თქმით, გუშინ, საღამოს დაკავებამდე ლ.გ. იმყოფებოდა მასთან და მისი სახლიდან გასვლის შემდეგ, ნახევარ საათში, სხვა მეგობრის სახლში დააკავეს, მის სახლში კი პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მეგობრის თქმით, პოლიცია ლ.გ. მაისურს და ნიღაბს ეძებდა, თუმცა ვერაფერი ამოიღეს.

„პუბლიკა“ ლ.გ.-ს ოჯახის წევრსაც ესაუბრა. ბაბუის თქმით, გუშინ, ღამის 12 საათზე მივიდა პოლიცია მათთან სახლში. ორდერის საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა. „წაიღეს ტანსაცმელი,  ჰუდი და გაფუჭებული ტელეფონი. ჯერ ადვოკატი არ ჰყავს, მისი ოჯახის წევრი მხოლოდ მე ვარ.“ – განუცხადა „პუბლიკას“ დაკავებულის ბაბუამ. მისი თქმით, ლ.გ. ამ ეტაპზე არ ჰყავს ადვოკატი და მოგვიანებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გეგმავენ მისვლას.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ერთი პირი, რომელმაც 7-9 მარტს გამართული აქციების დროს, შსს-ს განცხადებით, პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.

„2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა“, – აცხადებს შსს.

უწყების მტკიცებით, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

„აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

7,8,9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები“, – აცხადებს შსს.