პოლიციაშია დეკანოზიც, რომელიც 5 ივლისს მრევლს დანაშაულისკენ მოუწოდებდა

პუბლიკა

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს მრევლს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე პოლიციის სამმართველოში იმყოფება.

სამმართველოში დეკანოზი ადვოკატთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად მივიდა. ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „მაშინ, იმ მომენტში, არანაირი ჟურნალისტებზე ზეწოლა არ იყო და ეს გამოსვლა იყო მანამდე, სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა“.

„ვალდებული ხართ, იძალადოთ!“, – ამ განცხადებით სასულიერო პირი პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართავდა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძალადობის ფაქტი გამოვლინდა 55 პირის მიმართ, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.


პოლიციაში იმყოფებიან ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ყველა წევრი – შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია.  ასევე, მოძრაობა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ლიდერები – ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილიც.

ასევე, პოლიციამ დღეს დილით ყოველი მათგანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.