თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13 მაისს, განახლდა თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა.
თორნიკე სხვიტარიძესა და ანი ქავთარაძეს შსს საბა სხვიტარიძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავება.
საქმეს თან ერთვის მირიან ქავთარაძის პატაკი, რომელშიც ის წერს, რომ 17 აპრილს საბა სხვიტარიძის პროცესიდან გამოსვლის დროს მას კართან დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კერძოდ, „მონა“ უწოდეს.
საქმის მოწმეების გასაუბრების ოქმში აღნიშნულია ასევე, რომ ანი ქავთარაძემ მირიან ქავთარაძეს „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“ უწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თამთა ქიმბარიშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მირიან ქავთარაძეს ეძახდნენ შემდეგ სიტყვებს: „მონა, მხდალი, მშიშარა, ნაძირალა, „ტიტუშკა“, ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“. ამავეს იმეორებდნენ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმეები.
პროცესზე შსს-ს ოთხი მოწმე გამოიკითხა. ოთხივე დეტექტივი: თორნიკე ჯაფარიძე, ომარ ხაჯიშვილი, ვანო გავაშელიშვილი და გოჩა ონიანი მოწმეები იყვნენ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ სხვა საქმეშიც, რომელშიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის თანამშრომლები, ანა ყურაშვილი და მირანდა ბაღათურია სამართალდამრღვევად ცნეს. დეტექტივები მირიან ქავთარაძის დაქვემდებარებაში მუშაობენ.
დღევანდელ სხდომაზე ქავთარაძისა და სხვიტარიძის ადვოკატები ცდილობდნენ გაერკვიათ
- სწორია თუ არა საქმისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია;
- შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში იმყოფებოდნენ თუ არა ქავთარაძე და სხვიტარიძე ადგილზე;
- არის თუ არა შეურაცხყოფა „მონა“ და „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“.
დაცვის მხარის პოზიციით, მირიან ქავთარაძე, რომელიც 17 აპრილს საბა სხვიტარიძის პროცესზე დაზარალებულის სტატუსით იმყოფებოდა, პროფესიულ საქმიანობას არ ასრულებდა და მისთვის შესაძლო შეურაცხყოფის მიყენება ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც სამართალდამცველის შეურაცხყოფა.
ადვოკატების ამ პოზიციის საპასუხოდ შსს-ს იურისტებმა თამთა ქიმბარიშვილმა და მარიამ კერესელიძემ მიუთითეს ადმინისტრაციულ კოდექსში შესულ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, 173-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოიცავს შემდეგ ფორმულირებას: „სამართალდამცველის შეურაცხყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“.
„არ ასრულებდა მირიან ქავთარაძე იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას“, – დაადასტურა ერთ-ერთმა მოწმემ, თორნიკე ჯაფარიძემ, – „დაზარალებული მოწმის სახით იკითხებოდა“, – თქვა მან.
„აბა მითხარით, მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული როგორ იყო [შესაძლო სამართალდარღვევა]?“, – დაინტერესდა ნიკა გვარამია.
ამ შეკითხვაზე მოწმემ გაიხსენა 4 დეკმბრის საღამო „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მირიან ქავთარაძე იმყოფებოდა. სწორედ ამ დღეს მომხდარის გამო ედავება პროკურატურა საბა სხვიტარიძეს პოლიციაზე თავდასხმას. თორნიკე ჯაფარიძის თქმით, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სწორედ 4 დეკემბერს უკავშირდება.
მოწმეები ამტკიცებენ, რომ მირიან ქავთარაძე 4 დეკემბერს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა იქ მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი, რომელმაც პოლიტიკოს თეონა ჭალიძეს ხელს გაარტყა, „ტიტუშკა“ ეგონათ.
30 წლის დეტექტივი თორნიკე ჯაფარიძე შესაძლო სამართალდარღვევის მოწმეა, ასევე მანვე შეადგინა სხვა მოწმეების გასაუბრების ოქმები.
ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ ოთხივე ოქმი ზუსტად ერთნაირია, ერთნაირი სიტყვები, ერთნაირი სასვენი ნიშნების განლაგება, ერთნაირი შეცდომაც კი – შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის თარიღად მითითებულია 17 ივლისი, ნაცვლად აპრილისა.
პოლიციელები ამტკიცებენ, რომ გასაუბრება ყველასთან ინდივიდუალურად ჩატარდა, მათი ნაამბობი თორნიკე ჯაფარიძემ ჩაიწერა, ისინი ტექსტს გაეცნენ და ხელი მოაწერეს.
ოთხივე მათგანმა თქვა, რომ 17 აპრილს სასამართლოში მირიან ქავთარაძის მიმართ აგრესიულად განწყობილი ხალხის გამო იყო მისული და მართლწესრიგს იცავდა. ადვოკატები ინტერესდებოდნენ, რატომ გადაწყვიტეს პოლიციელებმა სასამართლოს დერეფნებსა და ეზოში მართლწესრიგის დაცვა, როცა ეს მანდატურის მოვალეობაა, თუმცა ამაზე პასუხი ვერც მოწმეებისგან და ვერც შსს-ს იურისტებისგან ვერ მოისმინეს.
ადვოკატებმა დიდი დრო დაუთმეს მოწმეების კვალიფიკაციის დადგენას და იმის გარკვევას, რატომ შეფასდა იმ დღეს მოწმის სახით მოსული ქავთარაძის შესაძლო შეურაცხყოფა პოლიციელის შეურაცხყოფად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა მარიამ კერესელიძემ იმგვარ კითხვებზე, რომლებიც, მისი აზრით, უშუალოდ ამ საქმეს არ შეეხებოდა, არაერთი პროტესტი გამოთქვა.
„მარიამ, ამდენი პროტესტი თუ გაქვს, რუსთაველზე იარე“, – მიმართა მას ნიკა გვარამიამ.
მოწმეებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს იურიდიული განათლება. თორნიკე ჯაფარიძემ და ომარ ხაჯიშვილმა თქვეს, რომ ბიზნესის ფაკულტეტი აქვთ დამთავრებული, ვანო გავაშელიშვილს – მენეჯმენტი, გოჩა ონიანი კი ინჟინერია.
მას შემდეგ, რაც სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა პოლიციელმა თორნიკე ჯაფარიძემ თქვა, რომ მას იურიდიული განათლება არ აქვს, ადვოკატები დაინტერესდნენ, როგორ მიანიჭა მან ამ საქმეს კვალიფიკაცია.
შსს-ს იურსიტები ამტკიცებდნენ, რომ ეს ადამიანები დეტექტივები არიან, დაამთავრეს პოლიციის აკადემია და ადმინისტრაციული ოქმის შედგენის უფლებამოსილება აქვთ.
„სამართლებრივ კვალიფიკაციას სჭირდება თუ არა იურიდიული განათლება?“ – იკითხა ნიკა გვარამიამ.
„ოქმის შედგენის უფლებამოსილება მას გააჩნია. კვალიფიკაცია სწორად განსაზღვრა თუ არა, ეს შეაფასეთ პაექრობის ეტაპზე“, – უპასუხა მას მარიამ კერსელიძემ, შსს-ს იურისტმა.
დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა შესაძლო შეურაცხყოფად შესაფასებელი სიტყვების მნიშვნელობაზე.
„მონა – ეტიმოლოგიური თვალსაზრისით შეურაცხყოფას არ ნიშნავს. ამ სიტყვის ერთ-ერთი განმარტებაა: ადამიანი, რომელიც მონათმფლობელის საკუთრებას წარმოადგენს და არ აქვს არანაირი უფლება; სხვისი მორჩილი; სხვისი ნების შემსრულებელი – შეურაცხმყოფელი ამ სიტყვაში, თითქოს, არაფერია ეტიმოლოგიური თვალსაზრისით. მირიან ქავთარაძე სისტემაშია, რომელშიც სუბორდინაციაა, ქავთარაძე ვიღაცას ემორჩიელბა და ამის უტრირებას თუ გავაკეთებთ, სამართალდარღვევას ჩადის ვიღაცა? სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ჯდება თუ არა „მონა“ გამოხატვის თავისუფლებაში.
სამი არასრულწლოვნის დედას იმიტომ ედავება შსს, რომ შეიძლება, ანი ქავთარაძეს მირიან ქავთარაძე ქავთარაძეების გვარის სირცხვილად მიაჩნდეს და თორნიკეს ძმა უკვე დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და ის განყოფილებაში აწამეს“, – განაცხადეს ადვოკატებმა.
სხდომაზე განიხილეს რამდენიმე ვიდეოც. ადვოკატებმა თქვეს, რომ 17 აპრილს პროცესიდან გამოსვლის დროს მირიან ქავთარაძემ ხალხის მიმართულებით შეურაცხმყოფელი ფრაზა ისროლა, რასაც ხალხის გაღიზიანება მოჰყვა. მათი პოზიციით, ქავთარაძის გასვლის დროს თორნიკე სხვიტარიძე სხდომის დარბაზში დარჩა პროცესის დასრულებამდე, ანი ქავთარაძე კი ამ დროს ფოიეში იყო.
მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ თორნიკე სხვიტარიძე სხდომათა დარბაზიდან მირიან ქავთარაძეს გამოჰყვა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით შენობის გასასვლელამდე სდია.
ადვოკატებმა შერჩევით სამართალზეც ისაუბრეს. მარიკა არევაძის თქმით, მირიან ქავთარაძემ 4 დეკემბერს თეონა ჭალიძეს ხელი გაარტყა, ჭალიძემ ქავთარაძის წინააღმდეგ საგამოძიებო ორგანოს მიმართა, თუმცა მის საჩივარს შედეგი არ მოჰყოლია. არევაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძე განყოფილებაში რამდენჯერმე გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
დღევანდელი პროცესი თითქმის 7 საათს გაგრძელდა და შსს-ს მეოთხე მოწმის გამოკითხვის ეტაპზე შეჩერდა.
მომდევნო სხდომა 30 მაისს, 10:30-ზე ჩაინიშნა.
საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირსპირების გამო. პროკურატურის მტკიცებით, ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.
რა მოხდა 4 დეკემბერს „ქორთიარდ მარიოტთან“
სხვიტარიძეს ბრალი 4 დეკემბერს „ქორთიართ მარიოტთან“ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ედება. სასტუმროსთან შეკრებილ მოქალაქეებს შორის იყვნენ პირები, რომელთან ეკეთათ პირბადე, ნაწილს ეხურა კაპიუშონი.
როგორც შემდგომ გაირკვა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები პოლიციელები იყვნენ, მათ შორის იყო მირიან ქავთარაძეც.
დაცვის მხარის თქმით, „ადგილზე მყოფი პოლიციელები გამოიყურებოდნენ, იქცეოდნენ და ძალადობდნენ ისე, როგორც ძალადობენ ე.წ. ტიტუშკები“.
მათივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მირიან ქავთარაძე თავდაპირველად ხელს ურტყამს თეონა ჭალიძეს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება და ამან ჩააყენა საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში.
„აგრესია დაიწყო მაშინ, როცა მირიან ქავთარაძემ გაარტყა ხელი მოქალაქე თეონა ჭალიძეს და გაიწია იქ მყოფი აქციის მონაწილეებისკენ. ამან გამოიწვია კონფლიქტი და აგრესია… არ იცოდნენ და არც შეიძლება სცოდნოდა ვინმეს, რომ ესენი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები“. – ამბობს საბა სხვიტარიძის ადვოკატი.
17 აპრილის პროცესზე მირიან ქავთარაძემ თქვა, რომ დაპირისპირების დროს მას თავში ჩაარტყეს რკინისმაგვარი საგანი, რის შედეგადაც თავის არეში დაზიანება მიიღო. მისი თქმით, თავი გაუტყა ორგან და დასჭირდა ოთხი ნაკერი.
თავად საბა სხვიტარიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რამდენჯერმე სცემეს და აწამეს.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.