პოლიციის მიერ მამა-შვილის დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, დღეს, 30 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„გამოძიება დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებს ინსპექტორის სამსახური.

სოფელ ახალ აბასთუმანში დაჭრილი მამა-შვილის ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი აცხადებს, რომ დაჭრილების თქმით მათ გაუფრთხილებლად ესროლეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, დაჭრილებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და სროლის წინაპირობა არ არსებობდა.