იმერეთის პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
მათ 1978 წელს დაბადებული ი.ზ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციის განცხადებით ი.ზ.-ს კუთვნილი ფარდულის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის არარეგისტრირებული იარაღი:
კალაშნიკოვის სისტემის „აკს“ და „აკმ“ ტიპის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 6 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი და 900 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა სისტემის 3 პისტოლეტი, ასევე, „გეკოს“ ფირმის თოფი, „ტულას“ ტიპის სანადირო თოფი და 30 მეტრი ცეცხლგამტარი ზონარი -– ე.წ. ფითილი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.