პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა – 4 415 შემთხვევა, წვრილმანი ხულიგნობა – 3 842 – შსს-ის სტატისტიკა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 2019 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების მონაცემებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) გათვალისწინებული აღრიცხული სამართალდარღვევების რაოდენობა 4 415-ია. 

166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა რაოდენობა გასულ წელს 3 842 იყო. 

რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის მონაცემები 166-ე და 173-ე მუხლებზე გაერთიანებულად აქვს წარმოდგენილი.

2018 წლის მონაცემებით, 166-ე მუხლით (მოიცავს როგორც მხოლოდ 166-ე, ასევე, ერთდროულად ორი მუხლით – 166-173-ე მუხლით გამოვლენილ სამართალდარღვევებს) გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა რაოდენობა 4452; 173–ე მუხლით (მოიცავს 173-166 მუხლს) კი სამართალდარღვევათა რაოდენობა 4761-ია.


2017 წელს საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

საიას განცხადებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ერთადერთი კანონია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს არის მიღებული და დღემდე მოქმედებს. აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და მისი არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

„პრაქტიკის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება სწორედ 173-ე მუხლის საფუძველზე ხდება.  ამ მუხლის საფუძველზე, სასამართლო მოქალაქის მიერ პოლიციელის მოქმედების საპასუხო ქმედებას სამართალდარღვევად აფასებს ისე,  რომ არ ამოწმებს თავად პოლიციელის მოქმედების კანონიერებას, რომელიც წინ უსწრებდა მოქალაქის ქმედებას, ან, თუ ამოწმებს, შემოწმება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ასეთ დროს სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, აქვს თუ არა პოლიციას, ზოგადად, კონკრეტული ქმედების უფლება და არ მსჯელობს, რამდენად სწორად გამოიყენა პოლიციამ კანონით მინიჭებულ უფლება კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში“

საიას მოსაზრებით, როდესაც პოლიციელი დარწმუნებულია, რომ  მისი მოთხოვნის კანონიერებას სასამართლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში არ შეამოწმებს, ეს მას აძლევს შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ დააკავოს პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით.

საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის იმგვარი განმარტება, როგორც ეს სასამართლო პრაქტიკით ხდება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას სამართლიან სასამართლოზე და მის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.