საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და ქართულ პოლიტიკაში მისი პერსონის საკითხი გუშინ, 2 ნოემბერს გუბაზ სანიკიძემ კიდევ ერთხელ წამოჭრა.
„მთავარი არხის“ ეთერში მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ სააკაშვილის ეშინია. გუბაზ სანიკიძის ამ განცხადებას ნიკა მელიას პასუხი მოჰყვა, კამათი კი დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„დროა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში, იმიტომ, რომ ვერ ვერევით ბიძინას”, – განაცხადა სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას „მთავარ არხის“ სტუდიაში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი უყურებდა, თუმცა დისკუსიაში არც ერთ მათგანს არ მიუღია მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხსა და ორი პოლიტიკოსის დაპირისპირებაზე კომენტარები მათ დღეს გააკეთეს.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმ დაპირისპირებისა, რაც მაყურებელმა იხილა, ოპოზიცია კონსოლიდირებულია და ეს „წერტილოვანი ინციდენტი“ იყო.
„ოპოზიციაში არეულობა არ არის. ის ძალიან კონსოლიდირებულია. გუშინ სამწუხარო ინციდენტი იყო, ეს ბატონი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებაა, რომელმაც ჩემი აზრით, კონსოლიდირებულ გარემოში გარკვეული დისონანსი გამოიწვია. ეს წერტილოვანი ინციდენტი იყო“, – ამბობს ჯაფარიძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მოსაზრებით, „აბსურდული განცხადებები“ არ უნდა კეთდებოდეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანია.
„დასაწყისიდანვე ვფიქრობ, რომ არასწორი იყო ის რიტორიკა, რომელიც წამოიწყო გუბაზ სანიკიძემ. იმედი მაქვს, ყველა მხარე ამას გაითვალისწინებს და გაიგებს. არაფერ შუაში არ იყო იქ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის კომპონენტი, პოლიტიკა წყდება აქ“, – თქვა ვაშაძემ.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიცია ერთიანობას ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს.
„მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, იმიტომ, რომ მას თავისი გავლენა და რესურსები გააჩნია. 26% მიიღო მისმა პარტიამ. ოპოზიციური ერთობა ნებისმიერ ფასად იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი ოპოზიციის იმ ლიდერებზე გადის, რომლებიც ახლა თბილისში არიან და საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძალიან მკაფიო, ჩვენ წინააღმდეგნი ვიყავით და ვართ მისი პრემიერ-მინისტრობის და წინააღმდეგნი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით – ეს არის პირადად მისი მისაღები გადაწყვეტილება, უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტიანად იყენებს ხელისუფლება,“ – განაცხადა ბაქრაძემ.
ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ამ „დანაშაულებრივი რეჟიმის” წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, „თუნდაც ეს იყოს მისი მოკრძალებული პიროვნება”.
„აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ, ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასეხარისხოვანია მაშინ, როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა მაშინ, როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის”, – წერს სააკაშვილი.
დღეს კი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა [არამხოლოდ მათ, ვისაც მანდატი ეკუთვნის] მემორანდუმის ტექსტს მოაწერეს ხელი და ოფიციალურად გააფორმეს თავიანთი პოზიცია, რომ არ ცნობენ არჩევნების ლეგიტიმაციას და თმობენ აღებულ მანდატებს.