"უნამუსო", "პროვოკატორო" - ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

„მთავარი არხის” ეთერში, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ შეკრებილები, გუბაზ სანიკიძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირიპირდნენ.

დაპირისპირება მოჰყვა გუბაზ სანიკიძის სიტყვებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ეშინია და არა მათი, ამიტომაც დადგა დრო, რომ ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

– „რას ემსახურება შენი საუბარი,  მოგზავნილი ხომ არ ხარ? – უთხრა მას ნიკა მელიამ. – „შენ, ლაპარაკი გაასწორე” – დაუბრუნა პასუხი სანიკიძემ.

ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძეს უნამუსო უწოდა და უთხრა, რომ პროვოკატორივით იქცევა, რომ ხან იქითაა და ხან აქეთ, რომ ბიძინას თამაშს თამაშობს.

გუბაზ სანიკიძე იმეორებდა, რომ ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილი აკომპლექსებს და რომ დროა, ჩამოვიდეს, რადგან მარტო თვითონ ბიძინას ვერ ერევიან. ნიკა მელიამ ჰკითხა მას, „თვითონ რას აკეთებდა, რომელ უბანთან იბრძოდა, რომელი მუშტი მოხვდა, რომელ იარაღს შეუშვირა შუბლი”, პასუხად კი მიიღო, ის მაშინ ბავშვი იყო, როდესაც თავად კომუნისტებს ებრძოდა და რომ თვითონ ნიკა მელია მთელი დღე არ გამოსულა ოფისიდან.

ბოლოს ნიკა მელიამ და გუბაზ სანიკიძემ სტუდია დატოვეს და ცალკე გავიდნენ, ნიკა გვარამიამ კი დაცვას სთხოვა, ჩარეულიყო.

მოგვიანებით მელია სტუდიაში დაბრუნდა და თქვა, რომ დღეიდან გუბაზ სანიკიძის მტერია, რადგან გუბაზ სანიკიძე ოპოზიციურ ერთობას ხელს უშლის და მისი არასოდეს სჯეროდა.