პოლიტიკოს ქალთა ნახევარზე მეტს, მათ შორის მეც, განუცდია რაიმე სახის ძალადობა - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„მიუხედავად ამ ხელშესახები პროგრესისა, საქართველო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. 24-35 წლის ქალების 48% არ არის ეკონომიკურად აქტიური, განსაკუთრებით სოფლად და პოლიტიკოს ქალთა ნახევარზე მეტს, მათ შორის მეც, განუცდია რაიმე სახის ძალადობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში, 6 მარტს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აქვე პრეზიდენტმა ისაუბრა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე. პრეზიდენტმა კანონპროექტს „კიდევ ერთი გამოწვევა“ უწოდა.

„ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.

აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.