პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი - მარგველაშვილი

პუბლიკა

მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკააშვილს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა მისი შეფასებით, სააკაშვილი არის „პუტინის პატიმარი“.

„პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართული ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება, განსაკუთრებით იმის მერე, რაც დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენ არსებულ ვითარებაზე.

აქედან გამომდინარე ვთანხმდებით რა ორივენი, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის საქართველო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება ამ თვალსაზრისით და ტემპერატურის დაწევა ამ თვალსაზრისით შიდა დაპირისპირებისა, რაც ქალბატონი სალომეს მიერ არის ინიციირებული, არის უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერი.

ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და ორივემ გამოვხატეთ მზაობა, გამოვხატეთ მოწონება იმისა, რომ ბუნებრივად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევებისთვის მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ ფორმატმა ყველა თავისი განსხვავებულობის მიუხედავად, რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ ქართველ ხალხს, საზოგადოებას გაუგზავნოს გზავნილი, რომ საზოგადოება დაპირისპირებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც ვიქნებით გაერთაინებული“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მათი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. მისი განმარტებით ესაა, – სააკაშვილის საქმე, ხაზარაძის საქმე, მელიას საქმე, გვარამიას საქმე

„ანუ ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, მიიჩნევა, რომ არის მოტივირებული, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, როდესაც ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა. წინაპირობად ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ჩვენ ამ მრგვალ მაგიდას ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის გეოპოლიტიკური გამოწვევები, ამ ნაწილში ჩვენ ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი“, – აცხადებს მარგველაშვილი.