პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა - ონის მერია Fair Trees Fund-ზე

პუბლიკა

ონის მერია ეხმაურება ფონდი „ფეა თრიიზის“ განცხადებას, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერების შესახებ.

ონის მერიაში აცხადებენ, რომ „ფეა თრიიზის“ განცხადება „სპეკულაციურია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს“.

„კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

შესაბამისად, კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი ტყუილი და იაფფასიანი სპეკულაციაა. ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფონდი „ფეა თრიიზმა“ სოციალურ ქსელში გუშინ, 29 მაისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს, მიზეზად კი რუსულ კანონს ასახელებს.

ფონდი აღნიშნავს, რომ 28 მაისს, ხელისუფლების მიერ რუსულ კანონზე მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ფონდის მუშაობაზე.