პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა - პრეზიდენტი სასამართლო სისტემაზე

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ქვეყნის სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა.

„სასამართლო რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა.
ზოგი სამართლიანი და ზოგიც – პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების სასამართლოში მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან მიმართვიანობა, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთ – თუ არა ერთადერთ – ობიექტურ კრიტერიუმს.

ასევე უდავოა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ჯერ ვერ შეედრება ევროპის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ და დახვეწილ სასამართლო სისტემას. ეს, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, საიდან მოვდივართ და რა წნეხი მოახდინა საბჭოთა რეჟიმმა. ამიტომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის სწრაფი და სრული იმპლემენტაცია გვისახავს გზას მომავლისკენ,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.

სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” წევრებმა, ასევე გამოსვლას არ ესწრება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები”.