პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, თუ გახარიას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ- ელისაშვილი

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, თუკი ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ.

„უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ მას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ. ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ვინ არის მისი კადრი, ზუსტად არ ვიცი. ობიექტურად რომ ვთქვა, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, გახარია არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ  არა,  სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა „პირველი არხის“ ცნობით.

დღეს ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ გიორგი გახარიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში გახარია ამბობს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და არც პოლიტიკიდან მიდის.

„რაც შეეხება მომავალს, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ათასი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ  და მეტიც არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს. რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა“, -განაცხადა გახარიამ.