პოლიტიკური დევნა, რომელმაც დააზიანა ანაკლიის პორტის პროექტი | კონსორციუმის განცხადება

პუბლიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.  მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კონსორციუმის აქციონერები არიან.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ მიიჩნევენ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა ‐ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით.

საერთაშორისო საზოგადოებრიობა უდაოდ მიაქცევს ყურადღებას ამ გადაწყვეტილებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ თავდაპირველი ბრალდების უსაფუძვლობა ზედაპირზევე ნათელი იყო, რასაც ასევე ადასტურებდა სახალხო დამცველისა და Transparency International‐საქართველოს დამოუკიდებელი დასკვნები. თუმცა ამან ვერ შეაჩერა მთავრობის მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობები და ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში არსებული დარღვევების აღკვეთა.

ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება.

სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანისმომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით „ქართული ოცნების“ მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას.

ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ‐ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ. ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, “- ნათქვამია განცხადებაში.


„თბს ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მათი სასჯელი გაუქმდა.