შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის სტუმრობა სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე შვედური მედიის კრიტიკის საგანი გახდა. გამოცემებმა Dagens Nyheter და Göteborgs-Posten-მა ვრცელი კრიტიკული წერილებიც გამოაქვეყნეს. საკითხი არაერთხელ გააშუქა შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც.
ცნობისთვის, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კინორეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა დააფუძნა. წელს ის მეოთხედ ჩატარდა. ფესტივალს ასევე მხარს უჭერს ეროვნული კინოცენტრი, რომელსაც 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი თითქმის ერთი წელია, ბოიკოტს უცხადებს.
როგორც გამოცემა Göteborgs-Posten წერს, ფესტივალი „რეჟიმთან არის დაკავშირებული“ და ქართველი კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ შვედი რეჟისორი ანტიევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენეს.
ოსტლუნდმა გამოცემას უპასუხა, რომ გაკვირვებულია ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში მიღებული შეტყობინებებით.
„ამავდროულად, საინტერესო იყო ამის შიგნიდან გამოცდა. უცებ აღმოვჩნდი პოლიტიზებულ და ზოგიერთის მტკიცებით, სადავო ფესტივალზე“, – განაცხადა ოსტლუნდმა.
გამოცემა Dagens Nyheter-ის კინოკრიტიკოსმა იაკობ ლუნდსტრომმა კანის პრიზიორ რეჟისორს „პოლიტიკური იდიოტი“ უწოდა და შეახსენა, რომ საქართველოში ასობით ათასი ადამიანი „პრორუსული მთავრობის“ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდა. როგორც კრიტიკოსი წერს, იყო მოლოდინი, რომ შვედეთის ყველაზე ცნობილ კინორეჟისორს სოლიდარული პოზიცია ექნებოდა.
ლუნდსტრომს მაგალითად მოჰყავს პროსამთავრობო POSTV-ის წამყვანთან, კინოცენტრის წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნულ ბაჩო ოდიშარიასთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით – „რუბენ ოსტლუნდის მოკითხვა ლიბერალებს“.
„მაშ, ვინ არიან ის ლიბერალები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლასაც კანის ორგზის გამარჯვებული ეხმარება?“, – წერს კრიტიკოსი და იხსენებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს, ასევე ხელოვანების პროტესტს „ჯადოქრებზე ნადირობის“ წინააღმდეგ, სხვადასხვა დაწესებულებაში გამოცხადებულ რეორგანიზაციასა და ლოიალური კადრებით დაკომპლექტებას.
წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ კინოფესტივალი, ხშირად, კომპლექსური პოლიტიკური ფენომენი შეიძლება იყოს და რეპრესიულ რეჟიმებს ბევრი რეჟისორი გამოუყენებიათ თილისმად.
„შესაძლოა, ოსტლუნდის ნიჭია, იყოს ის, ვინც არ იკავებს პოზიციას, არამედ მხოლოდ სწავლობს გარე სამყაროს; დამოუკიდებელი დამკვირვებელი, რომელიც ტივტივებს პოლიტიკის ზედაპირზე. მაგრამ აქ უფრო თავს იბრმავებს რეალობის წინაშე. GP-ის კითხვაზე პასუხში, თუ რას ფიქრობს ამ წარწერაზე – ლიბერალების მისალმებაზე, ოსტლუნდი გამაღიზიანებლად გამოუცნობია:
„ამაზე წარმოდგენა არ მაქვს. საქართველოში „ლიბერალებისთვის“ არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ არ დაივიწყონ კლასობრივი პერსპექტივა. პირადად მე ძალიან დამღალეს მათ, ვინც ადამიანებს იდეოლოგიებად ყოფს. 90-იანებს მახსენებს“, – ციტირებს ავტორი ოსტლუნდს.
როგორც კინოკრიტიკოსი აღნიშნავს, თვალსაჩინოა შვედეთის საერთაშორისო ვარსკვლავის სოლიდარობისა და მსოფლიოს საბაზისო ანალიზის სიმწირე.
„კულტურული ომის ფრონტის ხაზი – სადაც ლიბერალური დემოკრატია ავტორიტარული პოპულისტების სამიზნეა – თითქმის არავის გამოეპარება თვალთახედვიდან. და ის, რომ დღეს „ადამიანები იდეოლოგიებად იყოფიან“ არ ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთისგან ვერ განარჩიო. ოსტლუნდის მოხერხებული პოლიტიკით მხოლოდ პრორუსული მხარე სარგებლობს“, – წერს ავტორი და იხსენებს წარსულში ოსტლუნდის სტუმრობას პუტინისტი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას კინოფესტივალზე, სადაც მან რუსულ პროპაგანდისტულ „სპუტნიკთან“ ინტერვიუში დასავლური მედია გააკრიტიკა.
რუბენ ოსტლუნდის პასუხი
ლუნდსტრომის წერილის საპასუხოდ რეჟისორმა წერილი გამოაქვეყნა გამოცემა Expressen-ში. როგორც ოსტლუნდი წერს, ფესტივალზე წელიწად-ნახევრის წინ მიიწვია მარიამ ხაჭვანმა, რომელსაც პეკინის კინოფესტივალზე 2018 წელს ფილმ „დედესთვის“ პრიზი თავად გადასცა. რეჟისორი წერს, რომ აპრილში საქართველოდან ხვდებოდა ცნობები „კანონპროექტისა და უნივერსიტეტში ლგბტქ ინკლუზიური პროგრამის გაუქმების გამო სტუდენტების მასშტაბური დემონსტრაციების შესახებ“.
„ფესტივალამდე მოგზაურობის ბოლო ეტაპი არასასიამოვნო იყო; თბილისიდან პატარა თვითმფრინავით გავფრინდით, კავკასიონის მთებს შორის ძლიერ ტურბულენტობაში მოვხვდით და როცა ჩავფრინდით, ბედნიერებმა შვებით ამოვისუნთქეთ. მარიამი, მისი ქმარი და შვილები აეროპორტში გადამღები ჯგუფით დაგვხვდნენ და მარიამის ძმამ სასტუმრომდე მიგვიყვანა. გაირკვა, რომ ეს იყო არა მხოლოდ ახალგაზრდა, არამედ პატარა, საოჯახო ფესტივალი“, – წერს ოსტლუნდი.
რეჟისორი აღნიშნავს, რომ მესტიაში იგრძნობოდა ანტირუსული განწყობა, რაც უცნაური არც იყო საქართველოს ისტორიის გათვალისწინებით. მისი დაკვირვებით, იგივე მოსაზრებები ჭარბობდა ფესტივალის დამსწრეთა შორის.
ოსტლუნდი ჟურნალისტად მოიხსენიებს ბაჩო ოდიშარიას, რომელთან ერთადაც თავისი ფილმის წარადგინა.
„მასტერკლასიდან რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ფოტოები ონლაინ გამოქვეყნდა, ინსტაგრამის ქართველი მომხმარებლისგან მივიღე შეტყობინება, რომ ფესტივალისთვის ბოიკოტი უნდა გამომეცხადებინა. მან ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუს მართმევდა – ბაჩო ოდიშარია მოიხსენია, როგორც პოლიტიკურად საკამათო ფიგურა, რომელიც ცენზურას უჭერს მხარს. კიდევ რამდენიმე ასეთი შეტყობინება მივიღე და მივხვდი, რომ ფესტივალის ირგვლივ აურზაური როგორღაც თბილისში გამართული დემონსტრაციებს უკავშირდებოდა“.
როგორც ოსტლუნდი წერს, პატარა, ერთი ოჯახის მიერ მართული ფესტივალის სიმბოლური ღირებულება საკმაოდ უმნიშვნელოა და თუ სხვა, პოლიტიკური ზეგავლენებით დატვირთულ ფესტივალებს შევადარებთ, რომლებსაც წარსულში დასწრებია („იერუსალიმში ჩემთვის სრულიად მოულოდნელად ფოტოგრაფების წინ აღმოჩენილი ისრაელელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისთვის მომიხდა ხელის ჩამორთმევა“), ამ შემთხვევაში ის თავს გამოყენებულად ნამდვილად არ გრძნობს.
„უფრო პირიქით, განცვიფრებული ვარ, თუ რაოდენ საინტერესო შეიძლება იყოს სოციალური მედიების მიერ მართული კონფლიქტის შუაგულში აღმოჩენა, რასაც, როგორც წესი, გარედან ვაკვირდებით ხოლმე. იმ ადამიანებს, რომლებსაც შევხვდი და ვესაუბრე და რომლებიც, ჩემი აზრით, აქტიურ საზოგადოებრივ მუშაობას ეწევიან და თვითკრიტიკაც არ აკლიათ, ახლა მკაცრად აკრიტიკებენ და დისკვალიფიკაციით ემუქრებიან; ამგვარი მსუყე კრიტიკის შემცველ წერილებს ჩემი ელექტრონულ ფოსტითაც არაერთს ვიღებ.
როცა გავიკითხე და ფესტივალზე დასაქმებულებს გავესაუბრე, ამგვარი წარმოდგენა შემექმნა: მარიამი, ამ ფესტივალის სპონსორის, საქართველოს კინოცენტრის მიერ ბოლო დროს განხორციელებული საკადრო ცვლილებების ფონზე, თავისი ნების საწინააღმდეგოდ უფრო მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის მონაწილე გახდა და ახლა სამსახურის დატოვებას გეგმავს, რაც, პრინციპში, იმას ნიშნავს, რომ მესტია დაკარგავს იქ არსებული ისედაც მცირერიცხოვანი კულტურული სცენებიდან ერთ-ერთს. გავესაუბრე ბაჩო ოდიშარიასაც, რომელიც ამ ინსტიტუტში მუშაობს და, მისდა სამწუხაროდ, თავისი ავტოიმუნური დაავადების გამო ჯეიმს ბონდის ფილმების არამზადა პერსონაჟს ჰგავს. მე მას ვკითხე, რატომ დებენ ბრალს ცენზურის შემოღებაში, რაზეც მან მიპასუხა, რომ ერთი წლის წინ ის პოპულარობით სარგებლობდა იმ წრეებში, რომლებიც ახლა მას აკრიტიკებენ. ის ასევე აღნიშნავს, რომ მან სურვილი გამოთქვა პირისპირ შეხვედროდა და ოპონენტებისგან თავად მოესმინა ცენზურის ბრალდებები, მაგრამ ჯერჯერობით მსგავს შეხვედრაზე არავისგან მიუღია თანხმობა. თითქოს სიმართლეს ამბობს, მაგრამ აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე?! ისიც ხომ ამ ამბის ერთ-ერთი მონაწილეა. მას რუსეთის მიმართ კეთილგანწყობასაც ედავებიან, თუმცა არა მგონია სიმართლე იყოს, რადგან მან მამა 1993 წელს სოხუმში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაკარგა.
მე არ მიმაჩნია, რომ მარიამს, ბაჩოს ან მათ, ვინც მე და ფესტივალი გაგვაკრიტიკა უსაფუძვლო და სულელური მოსაზრებები ამოძრავებთ. ვფიქრობ, რომ ყურადღების მისაღებად ყველა იმ შესაძლებლობას იყენებს, რომელიც ეძლევა. დღევანდელი საინფორმაციო ველის გათვალისწინებით კი ამ ფრონტზე წარმატების მისაღწევად ადამიანი ცოტა თავხედი უნდა იყოს და გარკვეულ ნიუანსებზე ყურადღება არ უნდა გაამახვილოს. საუბრებში ეს რთულად მისაღწევია, ეკრანს მიღმა კი ყველაფერი უფრო მარტივია, სოციალური მედიების მომხმარებელი იქნება თუ ჟურნალისტი.
შესაძლებელია როდისმე საქართველოში მოგზაურობის შესახებ ფილმიც გადავიღო. ფილმის მთავარი გმირი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კინოფესტივალზე ჩასული რეჟისორი იქნება, რომელიც უეცრად უბატონო ღორებს, მეთხევეებსა და მთის მწვერვალებს შორის გაჩაღებული პოლიტიკური კონფლიქტის შუაგულში ამოყოფს თავს, რაც, რასაკვირველია, მის პიროვნებას დადებითი მხრიდან ნამდვილად არ წარმოაჩენს.
ფილმის კიდევ ერთი გმირი იქნება ასევე ფესტივალის საბრალო დირექტორი და ჟურნალისტი, რომელიც შვედეთიდან ეხმიანება ამ მოვლენას და სტატიასაც უძღვნის. ჟურნალისტს შინ, თავის ბინაში, ფარდები ჩამოუფარებია და მარტოდმარტო მყოფი სტატიას წერს. ან წერს კი? უმეტესად სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარები და სხვა სტატიებიდან ამონარიდები მოჰყავს ციტატებად, ან Chat GTP-ში გენერირებულ ტექსტებს იშველიებს. ფილმის საკვანძო მომენტში თავისივე ტექსტით აღფრთოვანებული ჟურნალისტი თითს კომპიუტერის ეკრანისკენ იშვერს და შეჰყვირებს: „პოლიტიკური იდიოტი!“ თუმცა იმას კი ვერ ხედავს, რომ კომპიუტერის ეკრანი მისსავე გამოსახულებას ირეკლავს და ოსტატურად გათვლილი კუთხიდან მაყურებელი ცხადად ხედავს, რომ ჟურნალისტი თითს საკუთარ თავისკენ იშვერს“, – წერს ოსტლუნდი.
„გათვლილი უმეცრება“
ოსტლუნდის წერილს კიდევ უფრო კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
Göteborgs-Posten-ზე ოსკარ ვესტერჰოლმი წერს – „ოსტლუნდის საპასუხო სტატიაში არის რაღაც, რაც უხერხულ შეგრძნებას მიტოვებს: წინასწარგათვლილი უმეცრება. მისი რანგის სხვა არცერთი რეჟისორი არ არის გეოპოლიტიკურ ვითარებაში ისე გაუთვიცნობიერებელი, როგორადაც წარმოაჩენს თავს. ის გამოქვაბულში არ ცხოვრობს. განებივრებულია ფრანგული რივიერის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტისგან“.
ავტორი ოსტლუნდის სტატიას ფილმის სინოფსისს ადარებს – როგორ გაიარა ტურბულენტური ფრენა, როგორ ელოდა გადამღები ჯგუფი ვერტმფრენს, როგორ დასეირნობდნენ ღორები სათხილამურო კურორტზე და „საოჯახო ფესტივალზე“ გამართულ მასტერკლასზე როგორ უსვამდა შეკითხვებს მოდერატორი, რომელიც „ბონდის ვილანს“ ჰგავდა.
„აქ იწყება გარდამტეხი წერტილი. რეჟისორის ინსტაგრამის საფოსტო ყუთი მოულოდნელად ივსება განრისხებული შეტყობინებებით. ბევრია გაბრაზებული იმის გამო, რომ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს, რომელსაც კინოინდუსტრიაში მაღალი თანამდებობის დაკავების შემდეგ ცენზორობაში ადანაშაულებენ. ეს ხდება ფესტივალზე, რომელიც უკვე პოლიტიზებული კინოცენტრის მხარდაჭერით იმართება. მემარცხენე ლიბერალები ინტერნეტში ირაზმებიან, სანამ რეჟისორი შუაგულ ნეხვში დგას და ცდილობს გაერკვეს, რა ხდება“.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს ოსტლუნდის პრივილეგირებულობაზე, რომ მას არც ფინანსების და არც ვარსკვლავების მოზიდვა არ გაუჭირდება. მაგალითად, ფესტივალის სასოწარკვეთილი მენეჯერის როლზე კირსტენ დანსტის ან დაბნეული რეჟისორის როლზე ჯონ ჰემის დამტკიცებას შეძლებს. ვესტერჰოლმი წერს, რომ ფილმისთვის, რომელიც ინდუსტრიას დასცინის, კარგი სათაური იქნებოდა „ქაოსი კავკასიაში“. თუმცა ამ სურათის რეჟისორად ოსტლუნდი არ გამოდგება. მის წერილში კარგად ჩანს, რომ შვედურ მედიაზე შურისძიება ამოძრავებს.
„შუა თითი დემოკრატიას“
Dagens Nyheter-ზე მაქს ჰელმეტი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა სულ უფრო ავტორიტარული მიმართულებით მიჰყავს. მაგალითად მოჰყავს Human Rights Watch-ის ანგარიში, ასახელებს „აგენტების კანონს“, შეტევას ლგბტ ადამიანების უფლებებზე, კულტურული დაწესებულებების ხელმძღვანელების გათავისუფლებას და მათ ნაცვლად რეჟიმის ერთგულების დანიშვნას. ავტორი წერს, რომ შესაძლოა ვერ ერკვეოდე სხვა ქვეყნის პოლიტიკაში, თუმცა როდესაც შენს ქმედებებს აღიქვამენ ანტიდემოკრატიული ხელისუფლების სასარგებლო ქცევად, მობოდიშების შესაძლებლობა არსებობს, რაც ოსტლუნდმა არ გამოიყენა.
„ქვეყნის მოსახლეობას სურს დემოკრატია და ევროკავშირში გაწევრიანება, ხელისუფლება მოსკოვისკენ იყურება“.
ავტორი ოსტლუნდს ირონიულად უწოდებს „კულტურულ კაცს“, რომელიც შეწუხების ნაცვლად ამბობს, რომ „მხოლოდ საინტერესო იყო სოციალური მედიით ნაკვები კონფლიქტის შიგნიდან ნახვა. თითქოს, ეს კონფლიქტი ქვეყნის ლიდერების მხრიდან მართული არ იყოს, თავისუფლებისა და უფლებების შესალახად“.
„რეაქცია ახალ კანონპროექტზე და უნივერსიტეტის გადაწყვეტილებაზე ლგბტ ინკლუზიური პროგრამის გაუქმების გამო“ – ასე ხსნის ოსტლუნდი თბილისის დემონსტრაციების ამბავს და საკითხს სერიოზულობას აცლის. შთამბეჭდავი ბუნდოვანებაა.
იმაზე ფოკუსირებით, თუ როგორ აღიქვა თავისი ვიზიტი საოჯახო მოგზაურობად, პატარა, საოჯახო ფესტივალზე, ოსტლუნდი ახერხებს არ დაუკავშიროს თავისი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ პოლიტიკას. ირწმუნება, რომ ვისაც ფესტივალზე ესაუბრა რუსეთის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი, რაც შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება ფაქტს, რომ ხელისუფლებამ მიიტაცა ქვეყნის კულტურული დაწესებულებები“.
ჰელმეტი აღნიშნავს, რომ ოსტლუნდმა შუა თითი უჩვენა დემოკრატიას.
„საინტერესოა, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ფილმებს იღებს სოციალურ იერარქიებსა და კლასებზე, ასე აკლდეს ძალაუფლების გაანალიზების უნარი მაშინ, როცა საქმე თავის თავს ეხება“.
შვედურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილებს სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალიც გამოეხმაურა:
„ვფიქრობთ, რომ სვანეთის ფესტივალის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს კამპანია და ეს კამპანია არც დღეს და არც გუშინ არ დაწყებულა. სამწუხაროდ, დაიწყო გაცილებით ადრე. ჩვენი გადმოსახედიდან ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს სცდება მხოლოდ ცალმხრივი პოზიციის დაფიქსირება, როგორც ეს შვედური გაზეთის შემთხვევაში მოხდა. მათი მხრიდან ფესტივალთან დაკავშირება არ მომხდარა. სამაგიეროდ არ გაუჭირდათ დაკავშირება ისეთ პირებთან, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ფესტივალთან და სწორედ მათ ნაამბობზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან დაკავშირებით, უფრო საფუძვლიან კომენტარს ფესტივალის წარმომადგენლები გააკეთებენ!“, – ვკითხულობთ ფესტივალის Facebook-გვერდზე.