პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა

პუბლიკა

პოლიტიკურმა მოძრაობამ „თავისუფლების მოედანი” პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა გამართა.  

ყრილობის წევრებმა დაამტკიცეს პარტიის წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა.

პარტიის წევრების გადაწყვეტილებით, „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე იქნება.

ეროვნული საბჭოს წევრებად ყრილობამ აირჩია: ლევან ცუცქირიძე, ბაკურ კვაშილავა, აზა გაბუნია, დავით ძირიშვილი, რევაზ აფხაზავა, ირინე კურტანიძე, ლაშა უჩავა, ლევან შატბერაშვილი, ლია ნოქაური, მიხეილ მუმლაძე, ნათია ხარატი, სიმონ ჯანაშია, გიორგი შაიშმელაშვილი, ნატო სვეტლაკოვა, მნათე ჩაფიცაძე, არჩილ მჭედლიშვილი, თამთა ჯოლოხავა, შენგელი გოგოსაშვილი, არჩილ ჟორჟოლიანი, ირაკლი ქობალია.

ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პარტია, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ქმნის, „ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია იქნება, რომლის ამოცანაც იქნება სახელმწიფოს დაბრუნება”.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ წამყვანი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ეს იქნება ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება სახელმწიფოს დაბრუნება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელსაც გვართმევს „ქართული ოცნება“ და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამ ბრძოლაშიც „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია იქნება. შემდეგ, სახელმწიფო უნდა გავხადოთ დემოკრატიული. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ნამდვილი, მრავალპარტიული დემოკრატია. ეს აქამდე, სამწუხაროდ, არასდროს გაგვიკეთებია. შემდეგ მრავალპარტიული დემოკრატიული საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ასე დამკვიდრდება ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ყველა ამ საქმეში „თავისუფლების მოედანი” იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

„თავისუფლების მოედანი“, როგორც მოძრაობა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი იყო.