პოლიტიკური პარტიები „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს აფასებენ

პუბლიკა

რუსთავი 2-მა“ კომპანიამ Survation-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა კომპანიას „რუსთავი 2-მა“ დაუკვეთა.

კომპანიის ინფორმაციით, კვლევისთვის 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ასაკის 1200-მდე საარჩევნო ასაკის მქონე პირი პირისპირ გამოიკითხა. „რუსთავი 2-ის“ ცნობით, კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი 3%-ზე ნაკლებია.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ 52%;
  • „ენმ“ 19%;
  • „ევროპული საქართველო“ 8%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ 5%;
  • „ლელო” 5%;
  • „ახალი საქართველო” 4%;
  • სხვა 7%.

კვლევის ამ შედეგებს იმ პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, რომელთა მონაცემები ზემოთ მოცემულ კითხვაში გაანალიზდა.

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ  კვლევის შედეგები მმართველი პარტიის მონაცემებს არ ემთხვევა, თუმცა მიახლოებულია.

„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული შედეგებია, მაგრამ ეს არ არის ზუსტი და სწორი მონაცემები. ბოლომდე ამ მონაცემებს ვერ ვიზიარებთ, გამომდინარე ერთი მარტივი მიზეზიდან, რომ რეალურად ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ „ოცნებას“ 60% აქვს სინამდვილეში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ კვლევის შედეგების გასაჯაროებისას წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვიც და ასევე ალოკაციაც.

„უნდა გაასაჯაროვოს ორივე შედეგი, ერთი ე.წ. ალოკაცია ანუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გათვალისწინების გარეშე და მეორე, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა უნდა ვიცოდეთ. ორივე მეთოდი უნდა იყოს.

სპეციალურად არ იქნა გაკეთებული სხვა მეთოდით, როგორც ჩანს, იმიტომ რომ გაცილებით გამოცდილი და აღიარებული კომპანიები მუშაობენ საქართველოში და მათთან შედარება და კონკურენცია ამ ახალჩამოყალიბებულ კომპანიას არ შეუძლია“, – განაცხადა გოცირიძემ;

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ამგვარად წარმოდგენილი კვლევის შედეგების შეფასება მისთვის წარმოუდგენელია.

„მაგალითად, 100 ადამიანიდან 90 თუ არ სცემს პასუხს, მერე 90-ვეს ალოკაციას უკეთებ ერთ პარტიაზე, შეგიძლია მიიღო, რომ 100-დან 90% მხარდაჭერა აქვს ვიღაცას, ოღონდ ეს ხომ უნდა ვიცოდეთ?  ხომ არ გამოვიცნობ, როგორი იყო ალოკაცია? ეს რიცხვები ცნობილი არ არის, კომპანიაც უცნობია, აქედან გამომდინარე, შეფასება წარმოუდგენელია“, – განაცხადა კაპანაძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ რეიტინგები არჩევნებზე ძირეულად განსხვავებული იქნება, რადგან გასათვალისწინებელია გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარის მთქმელთა რიცხვი და კვლევის მეთოდოლოგია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ კვლევაში წარმოდგენილია მხოლოდ „ახალი საქართველოს“ რეიტინგი, არჩევნებში მონაწილე გაერთიანებული ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი კი მომდევნო 10 დღეში გამოჩნდება.

„პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე კი ამბობს, რომ „ოცნების“ პროცენტი არარეალურია და სიმართლესთან ახლოს არაა.

„რეალობაა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გამარჯვებას“, – თქვა თევდორაძემ.


გუშინ გამოქვეყნდა IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი.

კვლევის თანახმად შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ იყოს, ამომრჩეველთა 33% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 33%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია – 16%;
  • „ევროპული საქართველო“ – თავისუფალი დემოკრატები – 5%;
  • „ახალი საქართველო“ – სტრატეგია აღამშენებელი – 3%.

16 ივლისს, არჩევნებამდე 4 თვით ადრე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის შესახებ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებსაც გაასაჯაროვა ტელეკომპანია „ფორმულამაც“. კვლევა Edison research-მა ჩაატარა.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია.

  • „ქართული ოცნება“ – 39%
  • გადაუწყვეტელი– 20%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია – 16%
  • „ევროპული საქართველო– თავისუფალი დემოკრატები“ – 5%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 3%
  • „ლელო“ – 3%

Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.