„რუსთავი 2-ის“ კვლევა: „ქართული ოცნება“ - 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 19%

პუბლიკა

„რუსთავი 2-მა“ კომპანიამ Survation-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა კომპანიას „რუსთავი 2-მა“ დაუკვეთა.

კომპანიის ინფორმაციით, კვლევისთვის 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ასაკის 1200-მდე საარჩევნო ასაკის მქონე პირი პირისპირ გამოიკითხა. „რუსთავი 2-ის“ ცნობით, კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი 3%-ზე ნაკლებია.

კომპანიამ შეკითხვები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა:

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ 52%;
  • „ენმ“ 19%;
  • „ევროპული საქართველო“ 8%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ 5%;
  • „ლელო” 5%;
  • „ახალი საქართველო” 4%;
  • სხვა 7%.

გუშინ გამოქვეყნდა IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი.

კვლევის თანახმად შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ იყოს, ამომრჩეველთა 33% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 33%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია – 16%;
  • „ევროპული საქართველო“ – თავისუფალი დემოკრატები – 5%;
  • „ახალი საქართველო“ – სტრატეგია აღამშენებელი – 3%.

16 ივლისს, არჩევნებამდე 4 თვით ადრე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის შესახებ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებსაც გაასაჯაროვა ტელეკომპანია „ფორმულამაც“. კვლევა Edison research-მა ჩაატარა.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია.

  • „ქართული ოცნება“ – 39%
  • გადაუწყვეტელი– 20%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია – 16%
  • „ევროპული საქართველო– თავისუფალი დემოკრატები“ – 5%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 3%
  • „ლელო“ – 3%

Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.