მედიატორი გიორგი აბულაძე წერს, რომ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 2025 წლიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებს. ის ამას უკავშირებს 30 ნოემბრის განცხადებას, რომლის ფარგლებშიც მედიატორები მთავრობის განცხადებას გაემიჯნნენ.
„ჩემი პოლიტიკური შეხედულება გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას. გუშინ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულო სააგენტოდან ეიჩარმა დამირეკ და მაცნობა, რომ 2025 წლიდან აღარ გამიგრძელებენ ხელშეკრულებას და შესაბამისად, ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას.
ეს ყველაფერი ცალსახად უკავშირდება 30 ნოემბერს ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რითაც პროგრამის მედიატორები გავემიჯნეთ მთავრობის გადაწყვეტილებას. გაგვათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული სამი მედიატორი, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ განცხადებას”, – წერს ის.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „დეზინფორმაციაა”, თითქოს სააგენტოდან თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ.
„თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ.
ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა.
აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და საახალწლო სახელფასო დანამატი”, – წერია განცხადებაში.
ამასთან, გუშინ სოცმუშაკებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრობაციის სააგენტოში ხელშეკრულებებს დაუსაბუთებლად არ უგრძელებენ – სოციალური მუშაკი, ანა ენდელაძე ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელად 2025 წლიდან უწყება ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებს.
ენდელაძეს, რომელიც ქუთაისში მუშაობს და მისივე თქმით, არის ერთადერთი სოციალური მუშაკი პრობაციის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში, ამის შესახებ ტელეფონით აცნობეს.