ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის საკითხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე ხვალ, 29 იანვარს განიხილავენ.
გუშინ, 27 იანვარს საკითხი PACE-ს ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე დღის წესრიგში დადგა, შემდეგ კი საკითხი მონიტორინგის კომიტეტებს გადაეცა.
დღეს, 28 იანვარს, PACE-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან.
კომიტეტის დასკვნის თანახმად, ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღიაროს, თუ აპრილამდე დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
ასამბლეა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ითხოვს:
-
დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური სუბიექტების მონაწილეობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, რათა აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურად დემოკრატიული ახალი არჩევნების გამოცხადებას უახლოეს თვეებში.
-
გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები, რათა საქართველომ შეძლო განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და მნიშვნელოვნად დააჩქაროს საჭირო რეფორმები.
-
დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეჩერების ან შურისძიების საშუალება და ასევე, სრულად სცეს პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე.
პარალელურად, ასამბლეა გმობს საპოლიციო სისასტიკესა და ადამიანის უფლებების დარღვევებს, რაც ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუგმია და აღნიშნავს, რომ ამის ფონზე ის ქართული დელეგაციის წევრებს შეუჩერებს:
- პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევის, პროცედურული ნორმების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტებში სრულფასოვანი ან მონაცვლე წევრობის უფლებას;
- საარჩევნო სადამკვირვებლო კომიტეტების წევრობის უფლებას;
- მომხსენებლად დანიშვნის უფლებას;
- ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლებას;
- ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებსა და კონფერენციებზე ასამბლეის წარმომადგენლობის ან დროებითი წარმომადგენლობის უფლებას.