პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან - ვერ, მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჟურნალისტების შეკითხვაზე – რატომ არ ესწრება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას სისტემურად, პასუხობს, რომ ამის მიზეზი გრაფიკთან არის დაკავშირებული.

„ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი და ამით ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს. ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს და როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ მედიას არაფერი არ აქვს საფუძველი გარდა იმისა, გახარია დაესწრო პოლისაბჭოს თუ არა, მე პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან ვერ დავესწრები, მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება საკმაოდ სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა ხდება საკმაოდ ადრე… ბევრი საქმეა ქვეყანაში“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მოსწავლეების საგანმანათლებლო და მშობლების ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

„ეკონომიკურ კრიზისში ვართ, ამ კრიზისის გასამკლავებლად ყველანი ერთად უნდა ვშრომობდეთ და ამ დროს მედიას გარდა იმისა [აინტერესებს], ვინ მივიდა პოლიტსაბჭოზე და ვინ არ მივიდა…“, – აღნიშნა გახარიამ.