პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნების მსურველები მთავრობას მიმართავენ

პუბლიკა
პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მთავრობას მიმართავენ, აქტიურად ჩაერთოს მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესში და უახლოეს მომავალში უზრუნველყოს ხელმისაწვდომი ფრენები.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის დოკუმენტს ხელს აწერს 95 ადამიანი.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვიმყოფებით ემიგრაციაში პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ძირითადად მუშაობის მიზნით, ვერ ვახერხებთ საქართველოში დაბრუნებას. ამ დოკუმენტის ხელმომწერნი მივმართავთ საქართველოს მთავრობას, აქტიურად ჩაერთოს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და უახლოეს მომავალში უზრუნველყოს ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი ფრენები. ამ უაღრესად რთულ ჟამს, როდესაც მომავალი არც ისე ნათელია, ვიმსახურებთ ვიყოთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში.
ჩვენი ვარაუდით, ქვეყანაში დაბრუნების მსურველთა რიცხვი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ამ დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ასევე ვითხოვთ დაზუსტდეს ქვეყანაში დაბრუნების მსურველთა რიცხვი. აგრეთვე დაუდგენელია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით სამუშაოებიდან დაითხოვეს. ეს ადამიანები არიან დარჩენილნი სახსრების გარეშე უცხო ქვეყანაში.
ვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსგან პოლონეთში დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანებთან დაკავშირება და მათი საცხოვრებლით და სხვა სახსრებით უზრუნველყოფა“.