პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდნენ.

როგორც პოლონელი მინისტრი „ტვიტერზე” წერს, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, ევროპერსპექტივასა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრის შემდეგ „ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა:

„ჩვენი მთავარი გზავნილი იყო ხელისუფლების მიმართ ზეწოლის გაზრდა, რათა დარჩენილ დროში გადადგას ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს პოლონეთს და სხვა მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ლელოს“ კიდევ ერთი წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

„პოლონეთის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტამდე დარჩენილ დროში ძალიან აქტიური იყოს ამ პროცესში. პოლონეთის სახით ქართველ ხალხს და საქართველოს ჰყავს და ეყოლება ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. პოლონეთს ძალიან კარგად ესმის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება – ერთი მხრივ ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამჟღავნებს სერიოზულ სწრაფვას ევროპისკენ და  მთავრობის ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რიტორიკა, ანტიდასავლური პროპაგანდა არ არის შესაბამისობაში ამ ყველაფერთან.

პოლონეთის ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩართულობა გულისხმობს როგორც 12 პუნქტის შესრულების საკითხში ახლო კონსულტაციებს მთავრობასა და შესაბამის პირებთან, ასევე სხვა საკითხებს, რომლებიც მოსაგვარებელია და მტკივნეული, იქნება ეს გვარამიას, ყოფილი პრეზიდენტის თუ, ზოგადად, დემოკრატიის თემა, რადგან 12 პუნქტის შესრულებისას თუ ახალი უბედურებები ჩაიდინა ხელისუფლებამ, მაგალითად, „რუსული აგენტების“ კანონი, „რუსული კანონი“, საგამოძიებო კომისია – ეს ეწინააღმდეგება ევროპულ სულისკვეთებას. პოლონეთის პოზიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ვიზიტები არ იქნება ერთჯერადი, იქნება უფრო აქტიური“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ისაუბრეს სასამართლო სისტემაზე, ასევე, „ნიკა გვარამიაზე და განსაკუთრებული აქცენტით მიხეილ სააკაშვილზე“.

„საჯაროდაც იყო გაცხადებული, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი ლობისტი (კარგი გაგებით), რომ მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების ამოცანა და პასუხისმგებლობაა, ხელისუფლებაში მოიყვანოს პროევროპული მთავრობა, დემოკრატიული გზით.

ბოკერია ასევე დასძენს, რომ, სანამ ჩვენ არ მოვაგვარებთ პრობლემას ქვეყნის შიგნით, „მანამდე ვერავინ გარედან ჩვენ ნაცვლად ვერ გადაწყვეტს პრობლემებს”.

„ჩვენ დაგვჭირდება პოლონეთის მხარდაჭერა და შემიძლია, თავს უფლება მივცე, რომ ვთქვა, ეს მხარდაჭერა გვექნება ჩვენი ისტორიული მისიის განსახორციელებლად – NATO-სა და ევროკავშირში გასაწევრებლად, ზოგადად, თავისუფალ სამყაროში დასაბრუნებლად“, – ამბობს გიგა ბოკერია

საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოლონელმა დიპლომატმა გუშინ შეხვედრები გამართა, ასევე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.