„პოლონეთის საზღვარზე სიტუაცია გასცდა ეკონომიკისა და მორალის ფარგლებს" - ზელენსკი

პუბლიკა

პოლონეთის საზღვართან უკრაინული მარცვლეულის შესახებ ფერმერების პროტესტი გრძელდება – როგორც საერთაშორისო მედიები წერენ, ამ საკითხზე ვარშავა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს მართავს.

The Kyiv Independent-ის ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე EU-სთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს ადასტურებს. მათივე ცნობით, ოფიციალური მოლაპარაკებები პოლონეთსა და უკრაინას შორის ვარშავაში 28 მარტს შედგება.

მიმდინარე პროტესტს გუშინ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ ვითარება გასცდა ეკონომიკისა და მორალის საზღვრებს.

„ჩვენ საბოლოოდ უნდა ვიპოვოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი. პოლონეთის საზღვარზე სიტუაცია დიდი ხანია გასცდა ეკონომიკისა და მორალის ფარგლებს”, – აღნიშნა მან.

პოლონელი ფერმერების პროტესტი თებერვალში გამწვავდა – ისინი აცხადებენ, რომ ევროპაში უკრაინასთან არაკეთილსინდისიერ და არათანაბარ კონკურენციაში არიან, ვინაიდან ევროკავშირის 2022 წლის გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინული სურსათის იმპორტზე გადასახადები გაუქმებულია.

მათი თქმით, იაფი უკრაინული პროდუქტი პოლონელი ფერმერებისთვის ხარჯს ზრდის და მათ საქმიანობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

პროტესტის ფარგლებში ფერმერებმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რამდენჯერმე გადაკეტეს. კიევი ამ პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ მის სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტს აღმოსავლეთ ევროპაში არ დაუზიანებია ევროკავშირის ბაზრები.