პოლონეთში დროებით გადაიდო აბორტის აკრძალვის კანონის ამოქმედება

პუბლიკა

პოლონეთში დროებით გადაიდო იმ კანონის ამოქმედება, რომელიც აბორტს კრძალავს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, აბორტის კანონთან დაკავშირებით მთავრობასა და საზოგადოებას შორის დისკუსია მიმდინარეობს.

„ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია და კარგი იქნება, თუ ჩვენ დიალოგისთვის დროს გამოვყოფთ, რათა ახალი გამოსავალი ვიპოვოთ არსებულ სიტუაციაში,“ – ამბობს მიხაო დვორჟიკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

აბორტის აკრძალვის კანონს, უკვე რამდენიმე კვირაა, ათი ათასობით ქალი აპროტესტებს, რადგან ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა, ნაყოფის პათოლოგიების მიუხედავად, არაკონსტიტუციური ქმედება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში აბორტი, პრაქტიკულად, სრულად აიკრძალა.

საპროტესტო გამოსვლები 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი აბორტის შესახებ.


აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთის სახელმწიფოს 4 წლის წინ, 2016 წელსაც ჰქონდა, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.