ყველაზე მკაცრი კანონი | პოლონელი ქალების პროტესტი აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ

მინდია გაბაძე

პოლონეთში ათიათასობით მოქალაქე, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუჩაში გამოსვლით აპროტესტებს. გადაწყვეტილების მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა, ნაყოფის პათოლოგიების მიუხედავად, არაკონსტიტუციური ქმედება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში აბორტი პრაქტიკულად სრულად აიკრძალა.

„ეს ომია“, „ჩვენ უკვე საკმარისი გამოვიერეთ“, „აღარ ვიქნებით მსხვერპლები“, – გამოცემა The New York Times-ზე დაყრდნობით, აქციის მონაწილეებმა ანტისახელმწიფოებრივი ლოზუნგებითა და საპროტესტო ბანერებით სხვადასხვა ქალაქის გზატკეცილები და ხიდები გადაკეტეს.

გამოცემის ცნობითვე, დემონსტრანტების ნაწილი, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნის“ პერსონაჟების მსგავსად ჩაცმულები შევიდნენ კათოლიკურ ეკლესიებში და წირვა ჩაშალეს – იმის გასაპროტესტებლად, რომ მთავრობა პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მოკავშირეა და ეს გადაწყვეტილებაც ამის დასტურია.

ფოტო: Marcin Stepien/Agencja Gazeta, via Reuters 

საპროტესტო გამოსვლები ხუთშაბათს, 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი აბორტის შესახებ.

„აგრესიული აქტები, თავდასხმები, ბარბაროსობა და რაც ახლა ხდება საზოგადოებრივ სივრცეში, დაუშვებელია“, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი საპროტესტო ტალღას. „არ ვარ თანახმა, ადამიანები თავს დაესხან განსხვავებული აზრის მქონე პირებს და შეიჭრნენ ეკლესიებში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მან მომიტინგეებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ აგრესიისგან.

ფოტო: Czarek Sokolowski/ AP

რამ გამოიწვია პროტესტი?

ხუთშაბათს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, პოლონეთში ორსულობის შეწყვეტა ნებადართული იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში: თუ ნაყოფს განვითარების შეფერხება ჰქონდა, თუ ნაყოფი ქალის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას წარმოადგენდა და თუ ქალი ინცესტის ან გაუპატიურების შედეგად დაფეხმძიმდებოდა. შარშან ლეგალური 1100 აბორტიდან, პრაქტიკულად, აბსოლუტური უმრავლესობა – 1074 აბორტი სწორედ ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების გამო გაკეთდა.

ფოტო: Czarek Sokolowski/Associated Press

ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაყოფის განვითარების შეფერხებისას გაკეთებული აბორტიც არღვევს კონსტიტუციას – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება კი შეუძლებელია.

პოლონელი  ქალების ის ნაწილი, რომელთაც აბორტის გაკეთება სურთ და კანონი ამის უფლებას არ აძლევს, ორსულობის ლეგალურად შესაწყვეტად საზღვარგარეთ მიდიან ან არალეგალურ გზებს მიმართავენ.

პოლონეთში ორსულობის ლეგალურად შეწყვეტაც ხანგრძლივ მოლოდინსა და ხშირ შემთხვევაში, ექიმების უართან იყო დაკავშირებული. როგორც The New York Times წერს, პოლონეთში ექიმები ლეგალურ აბორტსა და კონტრაცეპტივების დანიშვნაზეც კი რელიგიური ნიშნით ამბობდნენ უარს. ახალი კანონის მიხედვით, აბორტის გაკეთების უფლება არ ექნებათ მათაც, რომელთა ნაყოფსაც ორსულობის პერიოდში შეზღუდულ შესაძლებლობას დაუდგენენ. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ტრიბუნალის პრეზიდენტმა, იულია პრშილებსკამ განაცხადა, რომ პათოლოგიების მქონე ნაყოფის მოშორების გამონაკლისის სახით დაშვება, „ევგენურ (ფიზიკური ნაკლით დაბადების საშიშროება) პრაქტიკას“ დააკანონებდა. მანვე აღნიშნა, რომ პოლონეთის კონსტიტუცია გარანტირებულია ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე.

მომიტინგეები სასამართლოსგან კანონის შეცვლას მოითხოვენ. ასევე, მოსახლეობის დიდი ნაწილი აბორტის შესახებ კანონის ლიბერალიზაციას მოითხოვს.საპროტესტო გამოსვლების ტალღა დიდი ქალაქებიდან პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც გავრცელდა. მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც შეუერთდნენ, მათ შორის – ტაქსის მძღოლები, ფერმერები, მაღაროელები და სხვა.

ფოტო: Czarek Sokolowski/Associated Press

როგორც BBC იუწყება, ზოგიერთ შემთხვევაში, მასობრივი აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას წააწყდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ ეკლესიასთან დემონსტრანტებს ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები დახვდნენ და ეკლესიის შესასვლელთან გზა გადაუღობეს. აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებმაც ეკლესიაში შესვლა მოახერხეს, ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

პოლონეთს აბორტის აკრძალვის  ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი აქვს. აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთის სახელმწიფოს 4 წლის წინ, 2016 წელსაც ჰქონდა, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, პოლონელი ქალების მხარდასაჭერად, თითქმის ერთი კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების დედაქალაქებშიც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება, სანამ კანონი არ შეიცვლება. მათივე თქმით, სეკულარულ სახელმწიფოში რელიგიურ ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ გავლენა სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 55 მილიონი აბორტი კეთდება და თითქმის ნახევარი – დაახლოებით 25 მილიონი ქალების სიცოცხლისთვის სახიფათო მეთოდით ტარდება, ძირითადად, იმ ქვეყნებში, სადაც აკრძალულია აბორტი. კვლევა ცხადყოფს, რომ შეზღუდვა არ ამცირებს აბორტის რაოდენობას.