პოსტერები საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს - TI და ISFED

პუბლიკა

თბილისში გამოკრულ პოსტერებთან – „არა ნაცებს! არა ბოროტებას“ – დაკავშირებით ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირველობა – საქართველო“ (TI)  და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • შესაბამის სამსახურებს, შეასრულონ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყონ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების ადეკვატური დაცვა.
  • პოლიტიკურ ლიდერებს, გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების  ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

„24 ივლისს, თბილისში დაუდგენელმა პირებმა პოსტერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“ გააკრეს. ქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად სამი კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელები და სამოქალაქო აქტივისტები – „სირცხვილიას“ წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი და „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი არიან გამოსახული. პოსტერები, თავისი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

მსგავს შემთხვევას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ჰქონდა ადგილი,  აუდიტის სამსახურის მიერ საკითხის გამოკვლევის შემდეგ ბილბორდების ხარჯი დეკლარირებული იქნა შემოწირულებად. ამჯერად კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია. შემოწირულების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენების ფონზე მასობრივად გავრცელებულ პოსტერის შინაარსი ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, აგრეთვე აშკარაა პოსტერების ჰომოფობიური ქვეტექსტიც. შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვხვდება სიტყვიერი თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით, პოსტერზე არსებულმა მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.