Postv-ის თანამშრომლის წინააღმდეგ პოლიციას მიმართეს | თეონა ჯორბენაძის საქმე

პუბლიკა

ხელოვანთა კავშირ „კონცეპტArt-ის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, თეონა ჯორბენაძე წერს, რომ Postv-ის გადაცემა „ბიზნეს პოსტის“ თანამშრომლის, ლაშა ბასლანძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. მიზეზი ლაშა ბასლანძის facebook-პოსტი გახდა.

მას შემდეგ, რაც თეონა ჯორბენაძემ სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილი გააკრიტიკა და დაწერა, რომ, ვისაც „კონცეპტArt-თან“ თანამშრომლობა სურს, უნდა გაითვალისწინოს, რომ Postv-ის გადაცემებში სტუმრად სიარული „წითელი ხაზია“, ლაშა ბასლანძემ თეონა ჯორბენაძეს „ფაშისტკა“ და „ჰიტლერის შთამომავალი“ უწოდა და აღნიშნა:

„დაგველოდე, მწარედ უნდა მოგადოთ“.

ბასლანძის ამ პოსტის შემდეგ თეონა ჯორბენაძემ გუშინ, 11 აპრილს დაწერა, რომ მის მიმართ „უკვე გაჩნდა საჯარო მუქარები“. მისივე თქმით, ემუქრებიან ასევე „კონცეპტArt-ის” „აყირავებითაც“.

თეონა ჯორბენაძემ პოლიციას გუშინვე მიმართა.

„გუშინ როგორც იცით, დავწერე განცხადება პოლიციის განყოფილებაში და, წესით, „მწარედ რომ უნდა მომადოს“ და რომ ჰგონია ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ჩახუტებული ფოტოები ამაში დაეხმარება, დღეს პოლიციასთან ჩასახუტებლად მიიწვევენ.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, Postv გაიხსნა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეპოქის შემქმნელი არტისტის პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ დაგეგმილი დისკრედიტაციის კამპანიით. ამ სიტყვების მიღმა იდგა უმძიმესი ადამიანური განცდები. დღესაც არ ვიცი, როგორ გადარჩა და როგორ გაუძლო… და რადგან მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია, განაგრძობენ სხვა მუსიკოსების დამცირებას და შეურაცხყოფას. არტისტებზე სენსიტიური ცოტა ვინმე ვიცი და როგორც არ უნდა ეჭიროთ თავი, იცოდეთ, რომ ასეთი კამპანიები მათ კლავთ, ზოგჯერ პირდაპირი გაგებითაც. ამიტომ ვისთვისაც მისი კოლეგის განცდები სულერთია, ჩვენს შემოქმედებით გუნდთან საერთო ღირებულებები ვერასდროს ექნება. შესაბამისად, ვერც ერთობლივ პროექტებს შევქმნით“, – დაწერა მან.