პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, ამ დროისთვის, 20 ადამიანია დაკავებული

პუბლიკა

პრაიდკვირეულის ფარგლებში, დღეს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით პირველი ღონისძიება – დოკუმენტური ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები.

დღეს დახურული ჩვენების ადგილას მივიდნენ ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებიც. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, ფილმის ჩვენებაზე მისული სტუმრების მისამართით კი კვერცხებსა და სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ სამართალდამცველებსაც, რომლებსაც ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე კორდონი ჰქონდათ მოწყობილი.

პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა, თავდაპირველად, 11 ადამიანი დააკავეს. დაკავებები გაგრძელდა ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგაც, მას შემდეგ, რაც ძალადობრივმა ჯგუფებმა კორდონის გარღვევა და ღონისძიების სტუმრებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ სცადეს.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე, პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების მოწყობილ აქციაზე 20 პირი დააკავა.

მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.