„პრაიდკვირეულთან“ დაკავშირებით თანასწორობის კოალიცია უწყებებს მიმართავს

პუბლიკა

კოალიცია თანასწორობისთვის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ლგბტქ+ აქტივისტების დევნა, მათ მიმართ ჰომოფობიური სიძულვილის ენა და სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა მუდმივად თან სდევს საჯარო შეკრებებს თუ შეკრების მცდელობებს.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ითვალისწინებენ რა მოსალოდნელ საფრთხეს, მოუწოდებენ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაატაროს ქმედითი პრევენციული ღონისძიებები იმ პირების, მათ შორის ძალადობის ორგანიზატორების, მიმართ, რომლებიც ემუქრებიან „თბილისი პრაიდის” ღონისძიებების მონაწილეებს;
დროულად დაიწყოს გამოძიება დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა შესაძლო ფაქტზე, მათ შორის, ბოლო დღეებში გაჟღერებული მუქარის ფაქტებზე და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი წარმოება; უზრუნველყოს „პრაიდის კვირეულის” ფარგლებში დაანონსებული ყველა აქტივობის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

ასევე, მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ.

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს შეწყვიტოს საზოგადოებრივი ჯგუფების დადანაშაულება მათ მიერ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის გამო და თავი შეიკავოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებებისგან.