პრემიერი გუშინდელ ძალადობაზე მთავრობის პასუხისმგებლობის შესახებ შეკითხვებს არ პასუხობს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 5 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობრივ მოვლენებს მოკლე განცხადებით გამოეხმაურა.

„ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი, რაც გუშინ ვიხილეთ და მე მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. მიუღებელია, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე ძალადობა არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ეს არის დასაგმობი.

პოლიცია მუშაობს აქტიურად. დღეს დილით 3 პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და იქნება ყველა პირი დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ აღარ უპასუხა და პირადი დაცვის დახმარებით ტერიტორია დატოვა.

პრემიერის დაცვა მედიის წარმომადგენლებს მასთან მიახლოებისა და შეკითხვების დასმის საშუალებას აღარ აძლევდა.


გუშინ, 5 ივლისს მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ღირსების მარშის ჩატარება.

„აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი; მეორე შსს არის მუდმივად კონტაქტზე, ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ აღნიშნული მარშის ჩატარება რუსთაველზე შეიცავს საფრთხეს და მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა, მივმართო, მათ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მარში სააკაშვილის მეთაურობით „რადიკალურ ოპოზიციას“ დაუკავშირა.

„ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს. მათი მიზანია, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანა”, – თქვა პრემიერმა. „როგორც ჩვენს ხალხს, როგორც ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადებები ვითარების გამწვავებად და ძალადობის წახალისებად შეაფასეს.