ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ღარიბაშვილსა და შსს-ს აკისრებს

პუბლიკა

„დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობას ახალისებს, რადგან ეშინია, რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა – სამწუხაროა ბატონო ირაკლი, რომ მეტი ძალა და უნარი არა გაქვთ, სამწუხაროა, როდესაც ქვეყანას ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს“, – ეს განცხადება დღეს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა.

კორძაიას თქმით, ღარიბაშვილმა არ იცის, რას ნიშნავს კონსტიტუცია და რა არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

„მოვუწოდებთ გომელაურს და ღარიბაშვილს, ის პასუხისმგებლობა გააცნობიერონ, რაც მათ აკისრიათ და რუსთაველზე წესრიგი დაამყარონ. თითოეული ადამიანის არათუ გამოხატვის უფლება, არამედ ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ“, – აცხადებს კორძაია.

„დიდი ხანია ხელისუფლებას უნდა, რომ კარვები არ იყოს პარლამენტის წინ და ამისთვისაც კარგად გამოიყენეს ეს მოძალადე ჯგუფები. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია და ერთობლივად აორგანიზებს პუტინისტურ, პრორუსულ ძალებთან ერთად იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს თავისუფალი მოქალაქისთვის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება, დაარბიონ ყველა თავისუფალი მოქალაქე. ეს იყო დღეს პრემიერი განცხადება“, – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი ხათუნა სამნიძე.

ოპოზიციონერები დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, რომლებთაც ადარდებთ ამ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება, დაუყოვნებლივ მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი არის ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ირაკლი ღარიბაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს – ეს განცხადება კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

„ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში რწმენისა და მორალის სახელით, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, არბევენ ოფისებს – ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავის მოვალეობა, უზრუნველყოს კონსტიტუციის წინაშე ყველას თანასწორობა და წესრიგი, ის ვერ სცდება თავის ვიწროპარტიულ დღის წესრიგს და თავად ახალისებს, აორგანიზებს ამ ძალადობას. მეგობრებო, ქრისტიანობა უპირველესად სიყვარულის და მიტევების რელიგიაა და არა განსხვავებულის, სუსტის ჩაგვრის და ქვებით ჩაქოლვის. ყველამ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ქვეყანა ჰიბრიდული ბრძოლის ასპარეზიდან არ გადავაქციოთ რეალური ფიზიკური ბრძოლის ასპარეზად“, – ამ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია, დღეს ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორიელებულ ქმედებებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებს ეხმაურება.

„ჩვენ თვალწინ არის ღია ალიანსი ივანიშვილის რეჟიმის და პროპუტინური მოძალადე ჯგუფების და ეს ხალხი ღიად გვეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ერთ უმცირესობის ჯგუფს კი არ უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან იდეას თავისუფალი საქართველოს და დასავლური არჩევანის და გვექაჩებიან პუტინისტური ჭაობისაკენ.

ისინი დღეს თავს დაესხნენ აქტივისტებს პარლამენტის წინ, ოპონენტებს ხელისუფლების, სირცხვილიას ოფისს, მედიას, ჟურნალისტებს განსაკუთრებული სისასტიკით, სიმბოლურად ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა, არც მალავენ და ბრმები უნდა ვიყოთ პოლიტიკურად ეს რომ ვერ დავინახოთ და ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ პირში, განსაკუთრებით სასულიერო პირებში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და ამ არჩევანს თავს ახვევს ჩვენ ქვეყანას, პუტინისტურ არჩევანს. გამოსავალი აქედან არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად და ამის გარეშე, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამ ჭაობიდან ამოსვლის.“ – განაცხადა ბოკერიამ.

„პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებამ, რომლის მთავარი მესიჯი იყო, რომ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები არ არიან ამ ქვეყნის თანასწორუფლებიანი წევრები და მათ არ აქვთ უფლება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საკუთარი უფლებები დაიცვან მათი შეხედულებისამებრ მშვიდობიანი გზით, ღიად წაახალისა აგრესიულად განწყობილი ჯგუფების ქმედებები“, – ეს არის „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, თამარ კეკენაძის პოზიცია.

„ლელო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები.

„თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ – მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ“, -წერია განცხადებაში.

გახარიას გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კატეგორიულად მიუღებელია, ამ ვითარების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება.

„ხელისუფლების ვალდებულებაა შეასრულოს საკუთარი ფუნქცია, მას არ უნდა დაეშვა ძალადობა და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის.

შექმნილი ვითარების განმუხტვა ახლა უმთავრესი ამოცანაა – ამაში ყველამ საკუთარი პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოს და ხელი შეუწყოს სიტუაციის დეესკალაციას“, – აცხადებს ხოჯევანიშვილი.