პრემიერის დავალებაა, რომ 7 უმთავრეს პროდუქტზე შენარჩუნდეს ფასები – ჩიქოვანი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკურ ბლოკთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.  მისი თქმით, ეკონომიკურ ბლოკს მიეცა დავალება, რომ წარმოადგინონ პოსტკრიზისული გეგმა.

მისი თქმით, სურსათის მარაგი პერმანენტულად ივსება და, ამ მხრივ, ქვეყანაში პრობლემა არ იქნება.

„აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესთან და მათთან კომუნკაციით უზრუნველვყოფთ მთლიანი პროცესის ორგანიზებას. შესაბამისად, აქ დიდ გამოწვევებს არ ველოდებით. დამატებით პრემიერის მხრიდან გაიცა დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონულტაციები და 7 უმთავრეს პროდუქტზე  შენარჩუნდეს ფასები, რათა ფასის მერყეობა არ აისახოს მოქალაქეებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს ის პროდუქტებია, რომელზედაც გაზრდიალია მოთხოვნა ბაზარზე. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი და რძის ფხვნილი.