პრემიერის განმარტება „ბიძინობის“ მილოცვაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეკითხვაზე პასუხად, განმარტა – რა კონტექსტში ახსენა სააკაშვილის დაკავებისას „ბიძინობა“.

„იმდენად მდარე ხარისხის განცხადებები მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, რომ უხერხულიც კი არის, ამ თემაზე გავაკეთო განმარტება, ვინაიდან არაერთგზის შეეხნენ ამ თემას. კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო და მოსახლეობას კი არა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1 ოქტომბერი ეს არის ქართველი წმინდანის ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა. ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, რომ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი წმინდანის ბიძინა ჩოლოყაშვილის დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე მე ვახსენე აღნიშნული თარიღი და „ბიძინობა“, სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

1 ოქტომბერს ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე  საზოგადოებას აცნობა, რომ დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი. მან ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა.

„მინდა ასევე ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და ჩვენ მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.