პრემიერმა ბრიფინგზე ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა და საზოგადოებას მისი სიტყვები წაუკითხა

პუბლიკა

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას აცნობა, რომ დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი. მან ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა.

„მინდა ასევე ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და ჩვენ მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრერმიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას წარსულში ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული განცხადება წაუკითხა:

„შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი: რომ ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კულტურა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ჩვენ მოვექეცით ისე, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 1-ლი ოქტომბერი ბიძინაობაა და პარტიის დამფუძნებელს პირდაპირ ეთერში მიულოცა ეს დღე.

„დაბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და ბიძინაობაა. მე არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1 ოქტომბერი, 9 წელი გავიდა ჩვენი გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.