პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე - კობახიძე

პუბლიკა

საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნას აფასებს, როგორც სპეკულაციას და სისულელეს.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებისას ბიუჯეტის ფული არ დაუხარჯავს და საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. კობახიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას უნდა, „თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს გადაეფაროს“.

„რა შუაშია იმპიჩმენტი? წაიკითხონ კონსტიტუცია. ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ არის დახარჯული და ისინი აპრავებდნენ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას პირადი კეთილდღეობისთვის. იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე. ეს ხალხი აპრავებდა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხომ ხვდებით, რამხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. სამარცხვინოა ეს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ლელოს“ სურს, პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყოს. პარტია იმპიჩმენტის საფუძვლად კონსტიტუციის 48-ე მუხლს ასახელებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუ [ამ შემთხვევაში] პრემიერ-მინისტრის ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაძლებელია იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. ამავე მუხლით, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საკითხს და დასკვნას პარლამენტს წარუდგენს. თუ საკონსტიტუციო დაადასტურებს ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს, პარლამენტი კენჭს უყრის იმპიჩმენტს.

გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღარიბაშვილის მხრიდან შესაძლო თანამდებობის ბოროტად გამოყენების (სსკ 332-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და შესაძლო ქრთამის აღების მუხლებით (338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.